ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად არ გაიხსნება, ვიდრე შეერთებული შტატები თეირანის მიერ დასახელებულ პირობებს არ შეასრულებს. ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰამედ ბაღერ ზოლღადრმა განაცხადა.

ზოლღადრის განცხადებით, აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ირანის მიმართ სამხედრო მუქარა და საომარი მოქმედებები, მოხსნას ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა, რეგიონიდან გაიყვანოს საზღვაო და საჰაერო ძალები, გააუქმოს სანქციები და გაათავისუფლოს გაყინული ირანული აქტივები. ირანი ასევე ითხოვს ომის შედეგად მიყენებული ზიანის სრულ ანაზღაურებას.

ამავე დროს, ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების ახალ რეჟიმზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, მხარეები ახალი სატრანზიტო მარშრუტის შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა ეს შეთანხმება თავისთავად სრუტის სრულად გახსნას არ ნიშნავს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმაც განაცხადა, რომ სრუტის გახსნა ირან-ომანის მოლაპარაკებებზე კი არა, აშშ-ის მიერ თეირანის პირობების მიღებაზე იქნება დამოკიდებული.

ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგეტიკული ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. Reuters-ის ინფორმაციით, ომამდე მის გავლით მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გადაზიდვების დაახლოებით მეხუთედი ხორციელდებოდა. ბოლო თვეებში სრუტეში მოძრაობის შეფერხებამ ენერგორესურსების მიწოდება შეამცირა და ფასებზე ზეწოლა გაზარდა.

წყაროები:


https://www.reuters.com/world/middle-east/iran-says-deal-strait-hormuz-is-close-will-not-open-waterway-by-itself-2026-08-08/


https://apnews.com/article/yemen-houthis-turkey-kurdish-peace-mideast-roundup-aug-8-2026-feb75871fb82c44b3f7fd0ee02bb24b4


https://en.irna.ir/news/86230740/Strait-of-Hormuz-will-stay-closed-until-US-changes-course-Iran-s