თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან (გერმანული სკოლა, მე-6 გიმნაზია) დღეს მორიგი აქცია გაიმართა. მასაწვლებლები, სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები, ამ სკოლის კურსდამთავრებულები ითხოვენ იმ ექსპერტიზის დასკვნის გადამოწმებას, რომლის საფუძველზეც განათლების სამინისტროს შენობის დანგრევა სურს.

სასკოლო საზოგადოება დასკვნას უნდობლობას უცხადებს და განათლების სამინისტროსგან ითხოვს:

„ბავშვებისთვის ალტერნატიული სივრცის გამოყოფა, უმოკლეს ვადაში, რომელიც უზრუნველყოფს 2026/2027 წლის სასწავლო გეგმის, გერმანული ენის პროგრამის და ინკლუზიური სწავლების ხარისხიანად განხორციელებას;

არსებული ექსპერტიზის დასკვნის განხილვა-შეფასება დარგის სპეციალისტების ჩართულობით და ახალი კომპლექსური საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;

საჭიროების შემთხვევაში შენობის რეაბილიტაცია, დემონტაჟის ნაცვლად“, - აღნიშნულია მიმართვაში.

შეგახსენებთ, განათლების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ 21-ე საჯარო სკოლის ისტორიული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც მიიღეს მისი დემონტაჟისა და იმავე ადგილზე ახალი სკოლის აშენების გადაწყვეტილება.

სასკოლო საზოგადოებას მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა ზედაპირულია და შენობის გამაგრება შესაძლებელია. მათ ასევე აწუხებთ ის გარემოება, რომ დემონტაჟისა და მშენებლობის პროცესი წლები გაგრძელდება, რაც სასწავლო პროცესსა და გერმანული ენის გაძლიერებულ პროგრამას საფრთხეს შეუქმნის. ასევე მოსწავლეების სხვადასხვა სკოლაში გადანაწილების გეგმამ მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია ინფრასტრუქტურული გაუმართაობის, ტრანსპორტირებისა და ინკლუზიური სწავლების პირობების არარსებობის გამო.

აღსანიშნავია კიდევ ერთი საკითხი, რომ დასკვნა ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულია 10 სექტემბერს. 15 სექტემბერს კი, სკოლაში სწავლა საზეიმოდ დაიწყო და მხოლოდ 17 სექტემბერს საღამოს შეატყობინეს მოსწავლეებს რომ სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან აღარ განახლდებოდა. რატომ არ იცოდნენ შენობის ავარიულობის შესახებ ორი დღის ადრე, როცა სწავლა დაიწყო და რატომ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება მთელი ზაფხულის განმავლობაში? ამ კითხვის პასუხად, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი სამინისტროში მხოლოდ 17 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მიიღეს და მყისიერი რეაგირება მოახდინეს.