აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის მეცნიერები „ჭკვიან სათვალეზე“ მუშაობენ, რომელიც სოკოს მაძიებლებს ტყეში სოკოების აღმოჩენას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელი იქნება ფოთლებისა და ხავსის ქვეშ დამალული, თვალისთვის თითქმის შეუმჩნეველი სოკოების დანახვაც. მომავალში სათვალემ შესაძლოა ისიც განსაზღვროს, საკვებად ვარგისია თუ შხამიანი აღმოჩენილი სოკო.
მოწყობილობის მუშაობის საფუძველს ჩაშენებული სპექტრული კამერა წარმოადგენს. ის სინათლის ტალღების სიგრძეებს ჩვეულებრივ კამერასა და ადამიანის თვალზე გაცილებით ზუსტად აღიქვამს და ინფრაწითელ გამოსხივებასაც აფიქსირებს. ეს შესაძლებლობა სისტემას სოკოების სხვა ობიექტებისგან გარჩევაში ეხმარება.
როდესაც კამერა სოკოს აღმოაჩენს, სათვალის ლინზებზე გამოსახულება ჩნდება, სადაც ტყის საფართან ფერით შერწყმული ობიექტები მკვეთრად, წითელი ფერით გამოიკვეთება. კამერას ერთდროულად ოთხ კვადრატულ მეტრამდე ფართობის დაფიქსირება შეუძლია.
მეცნიერების განმარტებით, მსგავსი ტექნოლოგიის სმარტფონში ინტეგრირება უფრო მარტივი იქნებოდა, თუმცა სოკოს შეგროვებისას ორივე ხელის თავისუფლად გამოყენებაა საჭირო, რის გამოც სათვალე პრაქტიკულად უფრო მოსახერხებელი მოწყობილობაა.
მკვლევრები უკვე მუშაობენ სოკოს სახეობების ავტომატურად ამოცნობის ფუნქციაზეც. სამომავლოდ სისტემამ უნდა შეძლოს კამერის ხედვის არეში მოხვედრილი სოკოს სახეობის განსაზღვრა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, საკვებად ვარგისია ის თუ შხამიანი.
ტექნოლოგიამ შესაძლოა სოკოს კომერციული შეგროვების ეფექტიანობაც მნიშვნელოვნად გაზარდოს. ფინურ სოკოზე, განსაკუთრებით კი თეთრ სოკოზე, დიდი მოთხოვნაა, მათ შორის იტალიაში. წინასწარი შეფასებით, სპექტრული გამოსახულების გამოყენებამ სოკოს შეგროვების ეფექტიანობა შესაძლოა სულ მცირე სამჯერ გაზარდოს.
თუმცა ტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩენამდე, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელია საჭირო. სამუშაო შედარებით ნელა მიმდინარეობს, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად კომერციულად მომგებიანი იქნება ასეთი სათვალის წარმოება და გაყიდვა.
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სისტემის სიზუსტეცაა. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, საკვებად ვარგისია თუ არა კონკრეტული სოკო, მაინც ადამიანმა უნდა მიიღოს, რადგან ტექნოლოგიამ შესაძლოა შხამიანი სოკო შეცდომით უსაფრთხოდ მიიჩნიოს.
მიუხედავად ამისა, მკვლევრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. მათი შეფასებით, შესაბამისი დაფინანსების მოძიების შემთხვევაში „სოკოს სათვალის“ პირველი პროტოტიპი შესაძლოა უკვე ერთ წელიწადში შეიქმნას.
https://euro-pulse.ru/news/v-finlyandii-pridumali-ochki-kotorye-budut-pokazyvat-griby-v-lesu/