ათ წელიწადში საქართველოში 217 ჰესი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს ელექტროქსელების განვითარების გეგმაშია აღნიშნული.
ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4621 მგვტ-ია, გეგმის მიხედვით კი ათ წელიწადში ჯამური სიმძლავრე გაიზრდება 10336 მგვტ-მდე.
„ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4621 მგვტ-ია, აქედან მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრეა 2387 მგვტ, მოდინებაზე მომუშავე ჰესების სიმძლავრე 1023 მგვტ, 110 მგვტ აირტურბინების, 21 მგვტ ქარის სადგურების, ხოლო კომბინირებული და თბოელექტრო სადგურებისა - 1080 მგვტ-მდეა (ნახ 1.4) ჯამური დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 73% მოდის ჰესებზე. მარეგულირებელი ჰესების წილი შეადგენს დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 51%-ს.
2034 წლისთვის საქართველოს ჯამური სიმძლავრე გაიზრდება 10336 მგვტ-მდე. აქედან 4314 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე, 2908 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების, 1291 მგვტ ქარის სადგურების, 232 მგვტ მზის სადგურების, 110 მგვტ აირტურბინების, ხოლო 1480 მგვტ ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურების და არსებული მოძველებული გარდაბნის N 3, 4 და 9 ბლოკების სიმძლავრე.
ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 2034 წლისთვის იქნება 70%-მდე. აქედან მარეგულირებელი ჰესების წილი ქვეყნის ჯამური სიმძლავრის 42%-ს შეადგენს. ეს უზრუნველყოფს წყალუხვობისას დაგროვებული წყლის გამოყენებას წყალმცირობის პერიოდებში, ელექტროენერგიისა და თბოსადგურებისთვის საჭირო საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ქარის და მზის ელექტროსადგურების წილი, 2034 წლისთვის იქნება დაახლოებით 15%“, - ნათქვამია გეგმაში.