გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კანცლერის პოსტზე სავარაუდო კანდიდატად ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი მიიჩნევა.
მერცი მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსია, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში იბრძოდა ამ პოზიციისთვის, მაგრამ მის ნაცვლად ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი აირჩიეს. მერკელისგან განსხვავებით, ფრიდრიხ მერცმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი უფრო კონსერვატიული მიმართულებით წაიყვანა. მერცი უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას ემხრობა მიგრაციისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის მხარს უჭერს მიგრაციის შემცირებას და სავალდებულო სამხედრო გაწვევის გარკვეული ფორმით აღდგენას.
ფრიდრიხ მერცის აზრით, მნიშვნელოვანია „წამყვანი კულტურის“ იდეა. მისი თქმით, ემიგრანტები სწრაფად უნდა ინტეგრირდებოდნენ გერმანიის კულტურულ ღირებულებებთან, რაც “აუცილებელია საერთო ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად”.
მერცის მიდგომა ასევე მოიცავს უფრო მკაცრ შეხედულებებს ისლამის მიმართ და გულისხმობს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ზღუდავს ზოგიერთ რელიგიურ პრაქტიკასა და სიმბოლოს. ეს მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ანგელა მერკელის პოლიტიკისგან, რომელიც მხარს უჭერდა უფრო ინკლუზიურ და მულტიკულტურულ მიდგომას.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერს მიაჩნია, რომ გერმანიას უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირი უნდა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ის მხარს უჭერს ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც გერმანიის კონკურენტუნარიანობას და ბაზარზე ორიენტირებულ პრინციპებს უსვამს ხაზს.
ფრიდრიხ მერცს მიაჩნია, რომ გერმანიამ მკაცრად უნდა უპასუხოს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. მან განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასასრულებლად 24 საათს მისცემს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს არ მოხდება, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ „ტაურუსის“ ტიპის რაკეტებს გადასცემს და კიევს მისცემს უფლებას, რუსეთის ტერიტორია მიზანში ამოიღოს.
გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება, მერცს კონკურენციას გაუწევენ სხვა კონსერვატორები, მარკუს ზიოდერი და ჰენდრიკ ვიუსტი.
წყარო: "ევრონიუს ჯორჯია"