ძალიან მკაცრი მითითებები უკვე მიეცათ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს გამოყენებული პროპორციული ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმუმი გაკეთდა და გაკეთდება იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინციდენტი, არასწორი ქმედება, თუ არაპროპორციული ძალის გამოყენება.
„ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამისთვის გავაკეთეთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პასუხისმგებლობა, პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თუ იქნება ექსცესები, ასეთი პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს. ვეცდებით, თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, იმის გამოვლენას და ბუნებრივია, ეს საკითხი დადგება. მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული მაქსიმალური ზომები იმისთვის, რომ არ მოხდეს ინციდენტები.
რაც შეეხება მოძალადე მომიტინგეებს, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. თუ წინა შემთხვევაში იდენტიფიცირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 3 პროცენტი, ახლა იდენტიფიცირების მაჩვენებელი იქნება ბევრად უფრო მაღალი. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, არ გააკეთონ ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება, მრავალი წლით მოხვდნენ ციხეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს