„საქართველოში შემოსული ამანათების რაოდენობა, წლიდან წლამდე, საშუალოდ, 10-დან 20%-მდე იზრდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  Inex Group-ის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ  განუცხადა.

მისივე თქმით, მზარდია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზებით მიღებული ამანათების რიცხვი. მაგალითისთვის, 2025 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში საჰაერო გზით მიღებული ამანათების მოცულობა 66%-ით გაიზარდა და 16 ათას ტონას მიაღწია.

„გზავნილების რაოდენობით ლიდერ პოზიციაზე ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია. თუმცა, წელს თურქეთმაც შეძლო, ბოლო წლებში, ჩინური პლატფორმების გამო დაკარგული პოზიციების დაბრუნება. კერძოდ, წინა წლის ზაფხულთან შედარებით, მიმდინარე წლის ზაფხულში, თურქეთიდან შემოსული ამანათების რიცხვი, თითქმის, 100 პროცენტით გაიზარდა“,- აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

Inex Group-ის დირექტორი თურქეთიდან ტვირთების ზრდას თურქულ ონლაინ პლატფორმა Trendyol-თან თანამშრომლობის დაწყებას უკავშირებს.

„დავიწყეთ პარტნიორული თანამშრომლობა Trendyol-თან, რის ფარგლებშიც ამ პლატფორმამ ქართველ მომხმარებელს ფასდაკლებები შესთავაზა და შედეგად, მივიღეთ გაზრდილი რაოდენობით ამანათებიც. სამომავლოდ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და თურქეთიდან ამანათების რიცხვიც უფრო მეტად გაიზრდება“, - განაცხადა Inex Group-ის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, ამანათები გაზრდილია ევროპული სახელმწიფოებიდანაც, კერძოდ - იტალიიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან. რაც შეეხება ტარიფებს, ამჟამად, ამანათების ჩამოტანის ტარიფები სტაბილურია და სექტორში ფასების მატებას ნაკლებად ვარაუდობენ.

ცნობისთვის, საქართველოში შემოსული ამანათების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია. მაგალითისთვის, გასულ 2024 წელს საქართველოში შემოსული ამანათების რიცხვმა 13 მილიონს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტი იყო.

წყარო: ბიზნესპარტნიორი