გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მდინარეთა აუზებისთვის მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების შემუშავების თემაზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„შეხვედრას სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები ესწრებოდნენ.
მხარეებმა გასულ წელს საქართველოს ოთხი მდინარის აუზისთვის (სუფსა, ნატანები, კინტრიში, ხობისწყალი) პროექტის ფარგლებში მომზადებული მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმები განიხილეს.
2026 წლისთვის დაგეგმილია მსგავსი გეგმების შემუშავება დარჩენილი შვიდი აუზისთვის, რომელთაგან სამი (ენგური, რიონი, ჭოროხი-აჭარისწყალი) დასავლეთ საქართველოში, ხოლო ოთხი (მტკვარი, ალაზანი, იორი, ხრამი-ქცია) აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს.
აღნიშნული ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატით გამოწვეული მრავლობითი საფრთხის (წყალდიდობა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა და ძლიერი ქარი) რისკის მართვის და შერბილების ღონისძიებების შემუშავებას საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის.
ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით“ - ნათქვამია ინფორმაციაში.