სიღარიბის შემცირება, ძირითადად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდითა და საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამით არის განპირობებული, - ამის შესახებ PMCG კვლევაში - „2019-2023 წლებში შინამეურნეობების შემოსავალი და სიღარიბე“ საქართველოში წერს.

კვლევის მიხედვით, ოჯახების შემოსავალი 50.1%-ით გაიზარდა და 1,328 ლარი შეადგინა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ამავე პერიოდში გაზრდილ სამომხმარებლო ფასებს, შინამეურნეობების რეალური მედიანური შემოსავლის ზრდა მხოლოდ 16.6% იყო და 1,027 ლარი შეადგინა.

ნომინალური მაჩვენებლის მიხედვით, მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი გაიზარდა, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი შემცირდა.

PMCG მიხედვით, 2019-დან 2023 წლამდე დასაქმებიდან შემოსავლის მიმღები შინამეურნეობების წილი 57.7%-დან 64.4%-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში საშუალო ნომინალური შემოსავალი დასაქმებიდან ერთ შინამეურნეობაზე, რომელიც შემოსავალს იღებდა დასაქმებიდან, გაიზარდა 86%-ით (რეალური - 44%). ეს ზრდა, შესაძლოა, ნომინალური ანაზღაურების 65%-იანი ზრდითა და დასაქმების მაჩვენებლის 3 პპ-ით ზრდითაა განპირობებული.

კვლევის მიხედვით, 2020-2023 წლებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი საგრძნობლად, 21.3%-დან 11.8%-მდე შემცირდა. კლება ძირითადად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდითა და საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამით არის განპირობებული.

„2022 წელს დაწყებულმა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამამ გაზარდა დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებში. 2023 წლის ბოლოს პროგრამით დასაქმებული იყო 32,921 ადამიანი. ამავე პერიოდში, ყველაზე დაბალი შემოსავლის კვინტილში შინამეურნეობების 18.6% იღებდა შემოსავალს დასაქმებიდან, რაც 4.5 პპ-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.

2019-დან 2023 წლამდე 2.8 პპ-ით გაიზარდა იმ შინამეურნეობების წილი, რომლებიც იღებენ შემოსავალს სოციალური ტრანსფერებიდან. ზრდის მიზეზი შეიძლება იყოს საარსებო შემწეობისა და პენსიებს მიმღებთა რაოდენობის ზრდა.

სოციალური ტრანსფერების საშუალო ნომინალური ოდენობა აღნიშნულ პერიოდში - 290 ლარიდან 471 ლარამდე გაიზარდა, რაც გამოწვეულია საარსებო შემწეობისა და პენსიების ოდენობის საერთო ზრდით", - წერს PMCG.