2024 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს ტურიზმის სექტორი 2019 წელთან შედარებით 84%-ით აღდგა. ამის შესახებ TBC Capital-ის ტურიზმის განახლებაშია ნათქვამი.
მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 5 043 663-ს მიაღწია, რაც 4.5%-იანი წლიური ზრდაა.
მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, ჯერ კიდევ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს. რაც შეეხება ისრაელს და ახლო აღმოსავლეთს, ძლიერი აღდგენა აჩვენეს, და მათმა მაჩვენებლებმა შესაბამისად 152%-სა და 136%-ს მიაღწია.
TBC Capital-ის თანახმად, აზერბაიჯანი განაგრძობს ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებლის დაფიქსირებას, 14%-ით. შეზღუდული აღდგენის ძირითადი მიზეზი აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილობრივ დახურვაა. აზერბაიჯანის მთავრობის დადგენილების მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, თუმცა მათი მოხსნის ზუსტი ვადა უცნობია.
„2024 წლის პირველ ცხრა თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა და 3 მლრდ 461 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წელის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთმა და თურქეთმა. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები 2024 წლის მესამე კვარტალში 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 13%-ით და 7%-ით შემცირდა, შესაბამისად.
2024 წლის სექტემბერში, მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) 143 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 8%-იან ზრდას ნიშნავს 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. თუმცა, სასტუმროების დატვირთულობა შედარებით შემცირდა და 66%-ს მიაღწია, რაც 12 პროცენტული ჩამორჩება 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელს“, - ნათქვამია ტურიზმის განახლებაში.