ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე „ხობი 2 ჰესი" ოფიციალურად გაიხსნა. კომპანია „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“-ს მიერ განხორციელებული პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და სადგურის დადგმული სიმძლავრე 44,5 მეგავატია, ელექტრო ენერგიის გამომუშავება კი 200 მლნ კვტ სთ. ჰიდროელექტროსადგურის პირველი ფაზისთვის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ამ პარამეტრებით „ხობი 2 ჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ჰესების პირველ ხუთეულში შედის.

„ხობი 2 ჰესის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. შპს „ფერის“ (რომელიც „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას“ ერთ-ერთი მეწილეა) აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე „საქართველოს ბანკს“ და „თიბისი ბანკს“ პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა პროექტში პარტნიორებს: ზაზა ნიშნიანიძეს, ილია და თენგო წულაიებს, უტა დარჩიაშვილს, იოსებ მჭედლიშვილს და გოჩა დარჩიაშვილს.

ამ პროექტმა გარდა იმისა, რომ სხვადასხვა დარგში მოღვაწე ძალიან საინტერესო ბიზნესმენი გააერთიანა, ასევე შეძლო და გააერთიანა ჩვენი ორი საამაყო ბანკი", - თქვა ლაშა იორდანიშვილმა.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ განსხვავებულ ბიზნეს სექტორებში მომუშავე ბიზნესმენებს აერთიანებს, რომლებმაც ენერგეტიკის სფეროში ინვესტიცია გადაწყვიტეს. წილის მფლობელთა შორის არა მარტო ქართული ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელი, არამედ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიებიც არიან, კერძოდ „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას“ მეწილები არიან:

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ი სი გრუპი (100%-ს თენგიზ წულაია ფლობს) - 33.33%;

- დიმიტრი აბესაძე - 1.48%;

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფერი (იოსებ მჭედლიშვილი 96%, კახაბერ შევარდნაძე 4%) - 16.67%;

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მეიდანზე (100%-ს ზაზა ნიშნიანიძე ფლობს) -  9.38%;

- პაატა ტრაპაიძე -  7.16%

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კავკასუს როუდ პროჯექტ (100%-ს პაატა ტრაპაიძე ფლობს) - 6.91%; 

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ალპფორდიო სერვისიზ, /კვიპროსი/ - 3.664%;

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არევაკო ინვესთმენტს ლიმითედ, /კვიპროსი/ - 2.102%;

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მანდალორ ლიმითიდ, /კვიპროსი/ - 3.784%; 

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ჯიდი ენერჯი (რომლის მფლობელებიც ზემოთ ნახსენები სამი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა) - 15.52%.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი შეაქვს, მშენებლობის პროცესში დასაქმდა რამდენიმე ასეული ადამიანი, დღეისთვის კი 50-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. ამასთან, კომპანიამ სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული პროექტების სახით უკვე დახარჯა 408, 000 ლარი, მათ შორის სოფელ მუხურის მოსახლეობას უშენებს და საჩუქრად გადასცემს თანამედროვე სპორტულ კომპლექსს.