2022 წელს ღვინის ექსპორტის მოცულობით საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზე გავიდა. ინფორმაციას ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების შესახებ The World Factbook ავრცელებს.
ამავე ცნობით, 2021 წელს საქართველო მე-18 ადგილზე იყო, ხოლო 2020 წელს მე-17 ადგილს იკავებდა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ 253 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რაც 2021 წლის ღვინის ექსპორტზე 5.5%-ით მეტია. 2022 წელს მსოფლიოში სულ 40 მილიარდი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, საქართველოს წილი მსოფლიო ექსპორტში 0.6% იყო.
2022 წელს საქართველომ ღვინო სულ 66 ქვეყანაში გაიტანა. ყველაზე მეტი – 161 მლნ დოლარის რუსეთში გაიტანა, რაც ჯამური ექსპორტის 64%-ია. მეორე ადგილზე პოლონეთი იყო, სადაც 15 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა. შემდეგ მოდის უკრაინა 14 მლნ დოლარით, ჩინეთი 12.5 მლნ დოლარით, ყაზახეთი 10 მლნ დოლარით, ბელარუსი 8 მლნ დოლარით და აშშ 5.3 მლნ დოლარით.


