უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ. ლიდერებმა უკრაინაში ომის დასრულებისა და დეესკალაციის შესაძლებლობები განიხილეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის დასრულების გზების პოვნაზე მუშაობენ.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მოუწევს თუ არა უკრაინას რუსეთთან მშვიდობის მისაღწევად გარკვეულ დათმობებზე წასვლა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარეები „შეთანხმებას“ მიაღწევენ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებიც.
„რა თქმა უნდა, ორივე კარგი მებრძოლია“, - განაცხადა ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა: „ძალიან ქმედითი ხელმძღვანელობა აქვთ“.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ენერგეტიკული ზავისა და რუსეთთან ომის დასრულების გზების შესახებ ისაუბრეს.
ტრამპთან და მის გუნდთან 40-წუთიანი შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი რუსეთთან ენერგეტიკული ზავის ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის, თუმცა შეხვედრაზე უკრაინის მხრიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ცალმხრივად შეჩერების საკითხი არ განხილულა.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, ტრამპის მონაწილეობით. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ შეძლებს ისეთი გზის პოვნას, რომელიც მოსკოვს მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგებს.