აშშ-ში ქართველი პარტნიორების მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ჰერეთი გლობალმა“, რომელმაც საქართველოდან ღვინის ექსპორტი 2020 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს სარეალიზაციო ობიექტების რაოდენობა გააორმაგა. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ავთანდილ ჩხეიძემ, BM.GE-ს განუცხადა.
„ორ შტატში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში, 120-ზე მეტ ლოკაციაზე შეგვაქვს ღვინო გასაყიდად. შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 65 იყო. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ღვინის ფლორიდის შტატში შეტანაზეც, გავდივართ ბიუროკრატიულ ნაწილს, რაც ცოტა დროში გაწელილი პროცესია.
აშშ-ში წლის განმავლობაში, დაახლოებით, 20 ათასი ბოთლი ღვინო იყიდება. რაც შეეხება ასორტიმენტს, ოთხი სახეობის - საფერავი, ქინძმარაული, წინანდალი და მწვანე - ღვინიდან, ამერიკელებს ყველაზე მეტად საფერავი მოსწონთ“, - ამბობს ჩხეიძე.
„ჰერეთი გლობალის“ თანადამფუძნებლის თქმით, ამერიკის ბაზარზე ღვინის რეალიზაციისთვის მთავარი პრობლემა ქართულ სასმელზე დაბალი ცნობიერებაა.
„ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ ხალხი არ იცნობს ქართულ ღვინოს. თითოეულ ლოკაციაზე ძალიან დიდი ენერგიის ჩადება გვიწევს, რომ ინდივიდუალურად, თითოეულ მყიდველს გავაცნოთ ჩვენი ღვინო. ამ დროს სახელმწიფოს მხრიდან არავითარი დახმარება არ გვაქვს. მუდმივი რეკლამა სჭირდება ამერიკაში ქართულ ღვინოს და ეს არ კეთდება. არადა, ამერიკაში რა ღვინოც იყიდება, იმის 1%-შიც არ ვართ, გაყიდვების 0,04%-იანი წილი გვიჭირავს და, ამ ტემპით თუ გავაგრძელეთ, ალბათ 500 წელი დაგვჭირდება, რომ 1%-იან შედეგს მივაღწიოთ“, - ამბობს ჩხეიძე.
მისი თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, ქართული კომპანიებისათვის ღვინის ამერიკაში ექსპორტი მიღწევადი მიზანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბიუროკრატიული ბარიერების გადასალახად ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან ითანამშრომლებენ: „ეს პროცესი მხოლოდ ქართული ღვინისთვის არ არის რთული, იგივე პროცესებს გადის სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, ჩილედან შემოსული ღვინოც“.
რაც შეეხება Alazani Estate Winery-ს ღვინის საფასო პოლიტიკას, ხარჯების სიდიდიდან გამომდინარე, კომპანია ცდილობს, საშუალო სეგმენტის კატეგორიას მიეკუთვნებოდეს და ერთი ბოთლის ღირებულა $10-დან $20-მდე მერყეობს.
„აშშ-ში ქართულ ღვინოს გაყიდვების 0,04%-იანი წილი უჭირავს“ – Alazani Estate Winery
ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანი - საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს” და მის შედეგებს არ ვაღიარებთ
პაპუაშვილი ბრიუსელში - „იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან“
ევროსაბჭო პოლიტიკური განცხადებების და ფინანსური აუდიტის პასუხად - „ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ხალხის ძალას” 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით 28 შემწირველმა 861,750 ლარი გადაურიცხა, მათ შორის 21 ისეთი პირია, ვინც მანამდე „ქართულ ოცნებას” 1,969,169 ლარი შესწირა, 3 კი დღემდე აგრძელებს ორივე პარტიის დაფინანსებას