რუსეთში უცხოურ ღვინოებზე საიმპორტო გადასახადის გაზრდით ყველაზე მეტად ქართული ღვინის მსხვილი საწარმოები ისარგებლებენ, ხოლო დაბალი ფასის სეგმენტის იტალიურმა, ესპანურმა და ფრანგულმა ღვინოებმა შესაძლოა, რუსული ბაზარი დატოვონ. ამის შესახებ ღვინის სავაჭრო რუსული კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრ ლიპილინის სტატიაში წერია, რასაც Forbes ავრცელებს.
ცნობისთვის: გასულ კვირას რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, „არამეგობრულ“ ქვეყნებში წარმოებულ ღვინოზე საიმპორტო საბაჟო განაკვეთი 12,5%-დან 20%-მდე გაიზარდა. ამასთან, ეს გადასახადი ლიტრზე 1,5 დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ახალი შეზღუდვები ძალაში 2023 წლის ბოლომდე დარჩება.
„საქართველო შეძლებს, თითქმის, მთლიანად ჩაანაცვლოს მიწოდების კლებადი მოცულობები „არამეგობრული“ ქვეყნებიდან. ამ სეგმენტის ყველა პრეტენდენტიდან მისთვის ამის გაკეთება ყველაზე მარტივი იქნება,“ - წერს ალექსანდრ ლიპილინი.
ამის მთავარ მიზეზად Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ფინანსურ პირობებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, „ამჟამად ქართული ღვინოები რუსულ ბაზარზე პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და მათზე გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება.“ ასევე, რუსი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქართული ღვინის უპირატესობა „იოლი ლოგისტიკა და მარტივი ფინანსური გადახდებია.“ კერძოდ, ლიპილინის შეფასებით, „ლოიალური საბანკო პოლიტიკის შედეგად საქართველოში გადახდებს სულ ერთი დღე სჭირდება, მაშინ, როცა არგენტინაში, ჩილეში ან სამხრეთ აფრიკაში ამას შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.“
ამ ყველაფრის შედეგად, ლიპილინის დასკვნით, საქართველო რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა და იანვარ-მაისის პერიოდში ღვინის მიწოდებით იტალიასაც გაუსწრო, ხოლო წლის პირველ კვარტალში მეორე ადგილს იკავებდა.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ახალი საბაჟო გადასახადის მოქმედება მომავალ წელსაც გაგრძელდება, საქართველო ამ რეიტინგში შესაძლოა, პირველ ადგილზე იყოს,“ - წერს ლიპილინი.
ის მიიჩნევს, რომ „რიგითი მომხმარებლისთვის იტალიურისა და ფრანგული ღვინის ქართულით, არგენტინილით ან ჩილეს ღვინით ჩანაცვლება დიდი კატასტროფა არ იქნება, „მაგრამ სპეციალისტებისთვის აშკარაა, რომ ბაზარი, გემოვნების მრავალფეროვნების თვალსაზრისით, საგრძნობლად გაღარიბდება.“
ლიპილინი განმარტავს, რომ თუნდაც ამ გემოვნების მრავალფეროვნების თვალსაზრისით რუსეთში სხვადასხვა ქართული ღვინო არ იქნება წარმოდგენილი და ბაზარზე, საქართველოს შესამჩნევი დომინირებით, მხოლოდ მძიმე ან უბრალო სამხრეთული გემოს ღვინოები დარჩება.
„მცირე ქართული მარნები, რომლებიც ყველაზე ღია და საინტერესო ღვინოებს აწარმოებენ, არ აკმაყოფილებენ და არც აპირებენ, დააკამაყოფილონ „როსკომნადზორის“ მოთხოვნები. მათ რუსეთთან სავაჭროდ სპეციალური ნებართვა სჭირდებათ, რისი მიღებაც მარტივი არ არის და თან, ძვირია. ასე რომ, ჩვენს ქვეყანაში მიწოდების ნებართვა მხოლოდ მსხვილ მარნებს აქვთ, რომლებიც ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით მუშაობენ და ტრადიციულ პროდუქტს აწარმოებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსები ერთხმად დაუბრუნდებიან წარსულს, საბჭოთა დროიდან ნაცნობ ქინძმარაულსა და (ნაკლებად) მუკუზანს,“ - წერს ლიპილინი.