ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მოულოდნელი გვერდითი ეფექტი აღმოაჩნდა. როგორც ირკვევა, კიბოთი დაავადებული ზოგიერთი პაციენტი გაცილებით დიდხანს ცოცხლობს, თუ მათ, იმუნოთერაპიის დაწყების შემდეგ, კოვიდის საწინააღმდეგო „ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავის“ (mRNA) ვაქცინაცია ჩაიტარეს.

ფილტვის ან კანის კიბოს შორსწასული ფორმით დაავადებული პაციენტები, რომლებმაც იმუნოთერაპიის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა მიიღეს, გაცილებით უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც ასეთი ვაქცინაცია არ ჩატარებია. ასეთია 1000-ზე მეტი პაციენტის მონაცემთა ანალიზის შედეგი.

კიბო - როგორ ატყუებენ საზიზღარი სიმსივნური უჯრედები თავის მეზობლებს (გერმანულ ენაზე)

კორონავირუსზე ვაქცინაცია: ფილტვის კიბოთი დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის გაორმაგდა

ფილტვის კიბოს შორსწასული ფორმის მქომე გამოკლეული 884 პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის გაორმაგდა, თუ მათ, იმუნოთერაპიასთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინაციაც ჩაიტარეს. ასეთმა პაციენტებმა, საშუალოდ, 37 თვე იცოცხლეს, ისინი კი, ვისაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებია, საშუალოდ, 20 თვის შემდეგ გარდაიცვალნენ.

მელანომით დაავადებული პაციენტები, ვაქცინაციის შემდეგ, გაცილებით დიდხანს ცოცხლობდნენ

მსგავსი შედეგი დაფიქსირდა მელანომის შორსწასული ფორმის გამო იმუნოთერაპიის მიმღებ ჯგუფშიც: 167 მათგანი, ვისაც ვაქცინაცია არ ჩატარებია, საშუალოდ, 26 თვის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო იმ 43 პაციენტში, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს, სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-დან 40 თვემდე გაიზარდა. ზოგიერთი მათგანი მონაცემთა შეგროვების დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამიტომ, ვაქცინაციის ეფექტი, შესაძლოა, კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

რას შედეგი მოაქვს mRNA ვაქცინაციას კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის

რატომ ახდენს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დადებით ეფექტს კიბოთი დაავადებულ პაციენტებზე? ტეხასის უნივერსიტეტის ანდერსონის კიბოს ცენტრის მკლევარის, სტივენ ჰ. ლინის თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ mRNA ვაქცინაცია იმუნურ სისტემას „აღვიძებს“.

ვაქცინაცია არა მხოლოდ კორონავირუსს ებრძვის, არამედ ზოგად „იმუნურ პასუხსაც“ იძლევა. ეს გულისხმობს იმუნური მესინჯერების, - განსაკუთრებით კი I ტიპის ინტერფერონების, - გაძლიერებულ გამოყოფას, რომლებიც იმუნური სისტემის მოქმედებას აძლიერებენ და ზრდიან T უჯრედების აქტივობას. შემდგომში სწორედ ეს უჯრედები ებრძვიან სიმსივნეს. „ბავარიის რადიოსთან“ (BR) ინტერვიუში, სტივენ ჰ. ლინი განმარტავს, რომ ეს მექანიზმი მუშაობს „ყველა ტიპის კიბოში, რომელსაც იმუნოთერაპიით მკურნალობენ“.

თუმცა, სხვა ვაქცინებით, როგორიცაა, მაგალითად, გრიპის ვაქცინები, სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ეფექტის მიღწევა ვერ მოხერხდა. იგივე ეხება კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც ქიმიოთერაპია ჰქონდათ ჩატარებული. შესაბამისად, mRNA ვაქცინაციის დამხმარე ეფექტი მხოლოდ თანამედროვე იმუნოთერაპიასთან კომბინაციაში მუშაობს. ვაქცინაციის ეფექტურობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ის არის, რომ სიმსივნე ჯერ კიდევ არ უნდა იყოს ქირურგიულად ამოკვეთილი. „იმუნური პასუხის“ გამოწვევა მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება.

mRNA ვაქცინაციის ეფექტი კიბოს მკურნალობაზე - საჭიროა შემდგომი კვლევები

კიბოს მკვლევარ სტივენ ჰ. ლინის ხელმძღვანელობით მომუშავე მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა მალე გახდება ხელმისაწვდომი. ლინი ზოგადი ვაქცინისა და პერსონალიზებული ვაქცინის კომბინაციაზე მუშაობს. მისი აზრით, ეს „შესაძლოა“ საუკეთესო გამოსავალი იყოს გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ.

„თუ რამდენად აქვს რეალურად დადებითი ეფექტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობაში, ჯერ კიდევ საჭიროებს დაზუსტებას, შემდგომი კვლევების გზით“, - ხაზს უსვამს გერმანიის კიბოს კვლევის ცენტრის (DKFZ) სიმსივნის იმუნოლოგიისა და სიმსივნის იმუნოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნილს ჰალამა. „ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს“, - ამბობს ის. სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, ხომ არ აჩვენებს ახლახან გამოქვეყნებული კვლევა „სტატისტიკურ ეფექტს, რომელსაც მცირე ან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ვაქცინაციასთან“. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს მიზეზები, თუ რატომ ჩაიტარა კიბოთი დაავადებულმა ზოგიერთმა პაციენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ზოგიერთმა კი – არა.

ამასთან, ჰალამა მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს „მკურნალობის ისეთი ვარიანტი, რომელიც ორგანიზმს კარგად გადააქვს“ და სწორედ ასეთი შეიძლება იყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინაცია. თუმცა, ის გამოდის გაფრთხილებით, რომ კვლევის შედეგები „კარგად უნდა იყოს კლასიფიცირებული“, რათა „სიმსივნური დაავადებების მქონე ადამიანებმა მასობრივად არ სცადონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღება“. ერთი მხრივ, ვაქცინაციას, დადებითი ეფექტი, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ იმუნოთერაპიასთან ერთად ტარდება, რაც არავითარ შემთხვევაში არ ეხება ყველა ტიპის სიმსივნეს. მეორე მხრივ კი, ახლახან გამოქვეყნებული კვლევის მონაცემები ჯერ კიდევ საჭიროებს კლინიკური კვლევებით დადასტურებას, რათა mRNA ვაქცინაციის დადებითი ეფექტი კიბოთი დაავადებულ ზოგიერთ პაციენტებში მკაფიოდ წარმოჩინდეს.

წყარო: 1 არხი