ევროკომისიამ €2.9 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გეგმა წარადგინა, რომელიც 2027 წლისთვის მწვანე საწვავში ინვესტიციების გაფართოებას ისახავს მიზნად, რათა შემცირდეს საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტიდან ნახშირორჟანგის ემისიები. ამ ორი ინდუსტრიის წილი ევროკავშირის სატრანსპორტო სექტორის ემისიებში დაახლოებით 26.4%-ს შეადგენს.
კომერციული თვითმფრინავები და გემები დეკარბონიზაციისათვის ყველაზე რთული სატრანსპორტო საშუალებებია, რადგან ისინი დღემდე ძირითადად წიაღისეული საწვავით მუშაობენ, მიუხედავად ევროკავშირის კანონმდებლობისა, რომელიც მიზნად ისახავს გადაზიდვებისა და ავიაციის სექტორების კლიმატურად ნეიტრალურ მდგომარეობაში მოქცევას.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ვარაუდობს, რომ საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისთვის მწვანე საწვავის მიზნების მისაღწევად 2035 წლისთვის დაახლოებით 20 მილიონი ტონა მდგრადი საწვავი, მათ შორის ბიო და ელექტრონული საწვავი იქნება საჭირო. კომისიის განცხადებით, ამის მისაღწევად, სავარაუდოდ, 100 მილიარდი ევროს ინვესტიცია იქნება საჭირო. დაანონსებული 3 მილიარდი ევრო, სავარაუდოდ, განახლებადი და დაბალნახშირბადიანი საწვავის ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის გამოიყოფა.
ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საზღვაო სექტორმა ნახშირორჟანგის ემისიების გამოყოფა 2025 წლიდან, 2020 წლის დონესთან შედარებით, 2%-ით უნდა შეამციროს 2050 წლისთვის კი - 80%-ით. რაც შეეხება საავიაციო სექტორს, 2035 წლიდან საწვავის მოხმარების 20% მდგრად საავიაციო საწვავზე უნდა მოდიოდეს; 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 70%-ს უნდა აღწევდეს.