სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის“ შესახებ. 14 ნოემბრის სხდომას პრემიერმინისტრი ნიკო ფაშინიანი უძღვებოდა. სომხეთის მთავრობის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, მოელიან, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში თითქმის მესამედით შემცირდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ფინანსური მიზეზებით არ მიმართავენ სამედიცინო მომსახურებას და იქნება დაზღვეულ მოქალაქეთა მაქსიმუმ 6%-მდე.

ამის პარალელურად, სომხეთის ხელისუფლება მოელის, რომ შემცირდება ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილიც და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჯანდაცვის მთლიანი ხარჯის მაქსიმუმ 65% იქნება. საყოველთაო დაზღვევაში ჩართვის გასამარტივებლად, სახელმწიფო გეგმავს სადაზღვევო შენატანების სუბსიდირებას. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობა სრულად დააფინანსებს სადაზღვევო შენატანებს 18 წლამდე და 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის, აგრეთვე 18-65 წლის ასაკის შშმ და სოციალური დახმარების მიმღებ პირებს.

სომხეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი იქნება სისტემის კონტროლი, პროგრამით ბოროტად სარგებლობის რისკების შესამცირებლად.

კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნა და მხარდაჭერის შემთხვევაში, 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

სომხეთის ჯანდაცვის სისტემა დეცენტრალიზებულია და მთავრობა უზრუნველჰყოფს საბაზისო პაკეტს მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილისთვის, დანარჩენი მოქალაქეები კი თავად ფარავენ ჯანდაცვის ხარჯებს. მთავარი გამოწვევა სომხეთის ჯანდაცვის სისტემისთვის არის ჯიბიდან გადახდების მაღალი წილი და ზედმეტად დამოკიდებულება სტაციონარულ, მაღალფასიან მომსახურებაზე.

მსოფლიო ბანკის თანახმად, ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში ჯიბიდან გაწული ხარჯების წილი 2022 წლის მონაცემებით: სომხეთში 79%-ია, აზერბაიჯანში - 64%-ზე მეტი, საქართველოში - 40.45%.

radiotavisupleba.ge