სასტუმრო Kobuleti Beach Club-ის მენეჯერის, ქეთევან ჭყონიას ინფორმაციით, ტურისტულმა ობიექტმა ზაფხულის სეზონზე ჯერჯერობით 100%-იან დატვირთულობას ვერ მიაღწია. ამასთან, ბოლო პერიოდში რამდენიმე ჯავშანიც გაუქმდა.

როგორც ქეთევან ჭყონია "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ჯავშნების გაუქმება, სავარაუდოდ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, რადგან სასტუმროს ვიზიტორების უმრავლესობას უცხოელი ტურისტები შეადგენენ.

"მიმდინარე სეზონის მონაცემებით, ჩვენს სასტუმროში უცხოელი ტურისტების მკვეთრი უპირატესობა ფიქსირდება. სტუმრები ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან - გერმანიიდან და საფრანგეთიდან გვყავს, ასევე გვესტუმრნენ აშშ-დანაც, რუსი ტურისტებიც არიან. დატვირთვას რაც შეეხება, ჯერჯერობით 100%-იან მაჩვენებელს ვერ მივაღწიეთ. ადგილობრივი დამსვენებლების წილი შედარებით მცირეა. აზიური ბაზრიდან შარშან არაბი ვიზიტორებიც გვყავდა, თუმცა წელს აღარ ჩამოსულან. აღნიშნული ტენდენცია, სავარაუდოდ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ბოლო პერიოდში რამდენიმე ჯავშანიც გაუქმდა, რასაც ასევე მიმდინარე მოვლენების გავლენას ვუკავშირებთ.

რაც შეეხება  აგვისტოს თვეს წინასწარი ჯავშნები გვაქვს - დაახლოებით 50% უკვე დაკავებულია, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სეზონის საბოლოო შედეგების პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია. იმედია აგვისტოში უფრო დატვირთული პერიოდი გვექნება", - აღნიშნავს სასტუმროს წარმომადგენელი.

ცნობისთვის, სასტუმრო Kobuleti Beach Club 21 ნომრისგან შედგება, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს.

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"