აზერბაიჯანელი სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებულ მრავალკვირიან შეფერხებებზე ჩივიან. აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით, ბაქომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვითარების გარკვევის მოთხოვნით ოფიციალური ნოტით უკვე მიმართა.
აზერბაიჯანის საელჩოში აცხადებენ, რომ პრობლემა კონტროლზეა აყვანილი და საკითხი საქართველოს უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებთან ერთად შესწავლის პროცესშია.
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Report-ის ინფორმაციით, მძღოლები კვირებია ელოდებიან საბაჟო პროცედურების დასრულებას „სარფისა“ და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, ასევე თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ).
გადამზიდავების განცხადებით, მებაჟეები შეჩერების კონკრეტულ მიზეზებს, ეხება ეს ტვირთს, წონას თუ დოკუმენტაციას - არ განუმარტავენ.
დაზარალებული მძღოლები აცხადებენ, რომ პროცესი საგრძნობლად გაჭიანურდა და ზოგ შემთხვევაში შეყოვნება თვეზე მეტს შეადგენს:
თეიმურ სულთანოვი: აცხადებს, რომ „სარფის“ გამშვებ პუნქტზე 15 დღეა იმყოფება. მას ჩამოართვეს პასპორტი, მართვის მოწმობა და მანქანის საბუთები, პასუხად კი მხოლოდ „დაელოდეთ“-ს ეუბნებიან.
ელდენიზ მამედლიევი: საქართველოში უკვე 45 დღეა ყოვნდება. მას ქუთაისში წარმოებული და მეტალურგიისთვის განკუთვნილი ქიმიური ნივთიერება გადაჰქონდა აზერბაიჯანში. მისი თქმით, ავტომობილი საბაჟოზე სრულად დაშალეს, ჩამოართვეს ტელეფონი და დოკუმენტები, პასპორტი კი მხოლოდ 20 დღის შემდეგ დაუბრუნეს. მძღოლის თქმით, ამ ხნის განმავლობაში ავტომობილი დაშლილი იყო, ხოლო თავად ქუჩაში ღამის გათევა უწევდა.
ბაჰადურ და იმან ალიევები: უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში საბაჟო გაფორმებას ელოდებიან, თუმცა ოფიციალურ განმარტებებს ვერც ისინი იღებენ.
ტვირთის მფლობელ საჰიბ ალიევის განმარტებით, შექმნილი ვითარება, სავარაუდოდ, საბაჟოზე დოკუმენტების არადროული შემოწმებისა და ბიუროკრატიული გაურკვევლობის შედეგია. მისი თქმით, საბაჟოზე მოითხოვეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ნებართვა და მისი ქართულენოვანი თარგმანი. ალიევი აღნიშნავს, რომ ეს ნებართვა ჯერ კიდევ 2023 წელს არის გაცემული და იგივე დოკუმენტაციით ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე შარშან ოქტომბერ-დეკემბერში და მიმდინარე წლის მარტ-აპრილში სრულიად შეუფერხებლად გადადიოდა.
გარდა პროცედურული შეფერხებებისა, მძღოლები ქართველი მებაჟეების მხრიდან არასათანადო და უხეშ მოპყრობაზეც მიუთითებენ.
როგორც აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანული სატვირთოები საქართველოს საზღვარზე ყოვნდებიან, თუმცა ამჯერად გაურკვევლობა და ლოდინის ხანგრძლივი ვადები გადამზიდავების უკმაყოფილებას განსაკუთრებით ზრდის.
აზერბაიჯანელი მძღოლები საქართველოს საბაჟოზე მრავალკვირიან შეფერხებებზე ჩივიან - აზერბაიჯანული მხარე განმარტებას ითხოვს
აზერბაიჯანელი მძღოლები საქართველოს საბაჟოზე მრავალკვირიან შეფერხებებზე ჩივიან - აზერბაიჯანული მხარე განმარტებას ითხოვს
რა ვიცით ახლად შექმნილი „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელზე
„გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ლევან ქარუმიძე უხელმძღვანელებს
გაათავისუფლეს თუ შვებულებაშია? - ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვანო ზარდიაშვილის შესახებ
ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს - კობახიძე