ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2026 წლის ყველაზე მაღალშემოსალიანი პოდკასტერების რეიტინგი გამოაქვეყნა. Forbes-ის სიის სათავეში ამერიკელი კომიკოსი და UFC-ის კომენტატორი ჯო როგანია, რომელმაც თავისი პოდკასტის, The Joe Rogan Experienceითა და მასთან დაკავშირებული საქმიანობებით გასულ წელს $82 მილიონის შემოსავალი მიიღო.
გამოცემა Forbes-ის 2026 წლის სია წარმოგვიდგენს მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალშემოსალიან პოდკასტერს. Forbes-ის რეიტინგი მოიცავს 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის ივნისამდე მიღებულ გადასახადებამდე შემოსავლებს უშუალოდ პოდკასტებიდან და მასთან დაკავშირებული საქმიანობებიდან, როგორებიცაა პლატფორმებთან გაფორმებული კონტრაქტები, რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი, პოდკასტთან დაკავშირებული ღონისძიებები და ა.შ. შეფასებები ეფუძნება აგენტებთან, იურისტებთან, მენეჯერებთან, მედიაინდუსტრიის ხელმძღვანელებსა და სხვა ექსპერტებთან ჩატარებულ ინტერვიუებს.
2026 წლის სიაში მეორე ადგილს Technology Business Programming Network (TBPN)-ი იკავებს, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს $70 მილიონს მიაღწია. ცნობისთვის, OpenAI 2026 წლის აპრილიდან ამერიკული AI-სტარტაპის, OpenAI-ის საკუთრებაა. თუმცა შესყიდვის პირობებით, TBPN დამოუკიდებელ ბრენდად რჩება და სარედაქციო დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. ხოლო პოდკასტის დამფუძნებლები და თანაწამყვანები ჯონ კუგანი და ჯორდი ჰეისი არიან.
მესამე ყველაზე მაღალშემოსალიანი პოდკასტერი Diary of a CEO-ს კრეატორი სტივენ ბარტლეტია, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში $45 მილიონი გამოიმუშავა. მას მოსდევს Crime Junkie-ს ეშლი ფლაუერსი, $42 მილიონის შემოსავლით, მეხუთე პოზიციას კი SmartLess-ის პოდკასტერები — უილ არნეტი, ჯეისონ ბეიტმენი და შონ ჰეისი — იკავებენ, $37 მილიონის შემოსავლით. ათეულში არიან NFL-ის მოთამაშეები ჯეისონ და ტრევის კელსები, რომელთაც თავიანთი პოდკასტიდან, New Heights-თან $35 მილიონის შემოსავალი მიიღეს.
რეიტინგში ასევე მოხვდა ჯეი შეტი და მისი პოპულარული პოდკასტი, On Purpose-ი, სადაც ისეთი ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ, როგორებიც მიშელ ობამა და მეტ დეიმონი არიან. ცოტა ხნის წინ ჯეი შეტის პოდკასტის ვიდეოვერსიის გავრცელების უფლება Netflix-მა და Spotify-მ შეიძინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლიანი კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით $100 მილიონია.