რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, „ჯივიპის“ კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელი ავტომანქანა ტრანშიის კიდესთან გადაადგილებისას მოცურდა და გადაბრუნდა. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, ავტომანქანა ტრანშიის კიდესთან ძალიან ახლოს გადაადგილდებოდა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია. „ჯივიპის“ ცნობით, მძღოლის მიერ ავტომანქანის დამოუკიდებლად გამოყვანის მცდელობისას ტრანშიის კიდე დამატებით დაზიანდა, რის შედეგადაც თვითმცლელი გადაბრუნდა.

კომპანიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ობიექტზე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ამასთან, „ჯივიპი“ აცხადებს, რომ შემთხვევის დროს გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სახელშეკრულებო პირობების უხეში დარღვევა, რადგან თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

კომპანიის ცნობით, ფაქტს ადგილზე შესაბამისი სამსახურები იკვლევენ, ხოლო მოკვლევის დასრულების შემდეგ კონტრაქტორი ორგანიზაციის მიმართ ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ზომები გატარდება.