საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა - პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა. მართალია, ინიციატივის წარსადგენად 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა იყო საჭირო, საინიაციატივო ჯგუფმა 37 ათასზე მეტის შეაგროვა. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა 35 928 ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა, რაც პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო, თუმცა, მის განხილვაზე მაინც უარი თქვა. 

ინიციატივის უკან დაბრუნების მიზეზად დასახელებულია საბიუჯეტო ოფისის დასკვნა, რომლის თანახმადაც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წარდგენილი არაა ფინანსური დასაბუთება.

„კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ფინანსური დასაბუთების ნაწილში, როგორც რაოდენობრივად, ასევე, თვისებრივად არ არის შეფასებული სათანადო გავლენები. არ არის შეფასებული საორიენტაციო ხარჯების ოდენობა, ასევე არ არის წარმოდგენილი რაოდენობრივი შეფასებები და ფინანსური გავლენისთვის საჭირო რიგი მონაცემები. შესაბამისად, ბუნდოვანია, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რა ოდენობის ხარჯების გაწევა გახდება საჭირო ბიუჯეტიდან. განმარტებით ბარათში არ არის თვისებრივად აღწერილი ხარჯების დათვლის პრინციპები. საბიუჯეტო ოფისი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცედურების დაწყება მიზანშეწონილი არ არის“, — განაცხადა ბიუროს საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენელმა.

„მოკლედ რომ ვთქვათ, ფინანსური გაანგარიშება არ არის წარმოდგენილი კანონპროექტზე და ამიტომ, წინადადებაა, რომ დავუბრუნოთ ინიციატორებს, რომ ეს ხარვეზი გამოასწორონ“, - განცახადა შალვა პაპუაშვილმა.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი (აკაკი ჩიქობავა, ანა კამლაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ხასაია, ეკატერინე დანელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თათია ვერულაშვილი, ინა ჩარკვიანი, კონსტანტინე ჩაჩიბაია) 35 ათასზე მეტი ხელმოწერით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითხოვს, რათა  სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვება დაინერგოს.