ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში ქართული ღვინო მსოფლიოს 11 ქვეყანაში გამართულ 24 საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებები გაიმართა გერმანიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, იაპონიაში, იტალიაში, სლოვენიაში, საბერძნეთში, აშშ-ში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბელარუსში.

ამავე პერიოდში, მსოფლიოს 11 ქვეყანაში გაიმართა ქართული ღვინის 115 პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ღონისძიებებს გერმანია, ავსტრალია, აშშ, თურქეთი, ნორვეგია, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი მასპინძლობდნენ.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ჩატარდა 20 ღონისძიება, მათ შორის - მასტერკლასები, გამოფენები, ფესტივალები, კონკურსები და ფორუმები.

საანგარიშო პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების, სავაჭრო სფეროსა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოში ღვინის 12 ტური გაიმართა.

ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდისა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესდა ღვინის ეროვნული დღე, რომელიც ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება.

ქართული ღვინის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის მარკეტინგულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. სააგენტოსთვის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს