აგვისტოს განმავლობაში 80%-იან დატვირთულობას ველოდებით, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ის მფლობელმა, ივერი ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმრო აქტიურად იღებს წინასწარ ჯავშნებს ტურისტული ჯგუფების მხრიდან და შესაბამისად, მთელი აგვისტოს განმავლობაში მაღალი დატვირთულობის მოლოდინი აქვთ.

"წელს სვანეთში და კერძოდ, მესტიაში ტურისტული ნაკადები საკმაოდ გაზრდილია. დაახლოებით, 80%-იანი დატვირთულობა გვქონდა ივლისის თვეშიც და ახლაც ასეთი მოლოდინი გვაქვს. მიმდინარე სეზონზე ძირითადად ჩვენ ტურისტული ჯგუფები ევროპიდან გვსტუმრობენ, რაც ძალიან კარგია. სტუმრების სეგმენტაცია თითქმის სრულად უცხოელია - ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან და მცირე რაოდენობა ჩინეთიდან”, - აცხადებს ივერი ჭელიძე.

მანვე აღნიშნა, რომ მესტიაში ტურისტული ობიექტების რაოდენობა იზრდება. კერძოდ, ჯერჯერობით ბრენდული სასტუმროები არ შენდება, თუმცა საგრძნობლად იზრდება საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტების რაოდენობა.

ამასთან, Chalet Mestia-ს მფლობელი აცხადებს, რომ მესტიაში აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა და ფრენების სიხშირის ზრდა რეგიონში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო წაახალისებს და ხელს შეუწყობს. 

ცნობისთვის, სასტუმრო Chalet Mestia სვანეთში, დაბა მესტიაში 6 წლის წინ დაფუძნდა.  სასტუმრო 15 ნომერს და რესტორანს მოიცავს.

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“