თელავის ხევის მიმდებარედ, 10-მეტრიან დაცვის ზონაში არსებული ყველა შენობა დემონტაჟს დაექვემდებარება. ამის შესახებ თელავის მერმა, ვაჟა მაღრაძემ, ჟურნალისტებს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, დემონტაჟი შეეხება ვარდოშვილის ქუჩის, ქეთევან წამებულის ქუჩისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე შენობებს, რომლებიც 10-მეტრიან უსაფრთხოების ზონაში ხვდებიან.
მერის განმარტებით, სამხარაულის ბიუროს დასკვნის შესახებ ინფორმირებულია ყველა ბინის მესაკუთრე. მათ შესთავაზეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია, ხოლო საბოლოოდ, როგორც მაღრაძემ აღნიშნა, მფლობელების უმეტესობამ კომპენსაციის მიღება არჩია, რათა საცხოვრებელი თავად შეერჩია.
ვაჟა მაღრაძის განცხადებით, 12 ივლისის წყალდიდობის შემდეგ ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ზოგიერთი შენობა უკვე სერიოზულად არის დაზიანებული, ხოლო ნაწილში ნგრევის საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება წარმოიშვას, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად დაზიანება არ შეიმჩნევა.
მისივე თქმით, ყველა შენობა ინდივიდუალურად შეფასდება, ხოლო კომპენსაციის ოდენობა საბაზრო ფასების მიხედვით განისაზღვრება.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მდინარის კალაპოტიდან 10 მეტრზე ახლოს მშენებლობა დაუშვებელია, თუმცა კითხვაზე, იყო თუ არა ამ შენობებზე გაცემული შესაბამისი სამშენებლო ნებართვები, კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
დემონტაჟის ვადებთან დაკავშირებით მაღრაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, რადგან სამუშაოები ფორსმაჟორულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, თავდაპირველად რამდენიმე მეპატრონე შენობის დატოვებას ითხოვდა, თუმცა არსებული საფრთხისა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გაცნობის შემდეგ, მათი უმეტესობა დემონტაჟის აუცილებლობას დაეთანხმა.
ცნობისთვის, 12 ივლისს თელავში მოსულმა სტიქიამ ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თელავის ხევში ჩამოსულმა ღვარცოფმა რამდენიმე ქუჩის ინფრასტრუქტურა გაანადგურა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.