„სურსათის გაიაფების საკითხს მე ვუყურებ მეწარმის მხრიდან - ჩემი აზრით, უპირველესი საზრუნავი არის სოფლის მეურნეობის განვითარება, რომ ჩვენ გვქონდეს დაბალი თვითღირებულების, მაღალხარისხიანი პროდუქციის მიწოდება გრძელვადაში“,  - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში „აგრო 1959”-ის  მმართველმა  პარტნიორმა გიორგი  ხანიშვილმა  განაცხადა.

მან საქართველოში სურსათზე არსებულ მაღალი ფასნამატების საკითხსა და ე.წ „ქეშბექების“ თემაზეც ისაუბრა.

„ბიზნესს აქვს ძალიან  მარტივი ჭეშმარიტება, ეს იქნება ფერმერი, თუ მეტალურგიული ქარხანა, პროდუქციას აქვს თავისი თვითღირებულება, მნიშვნელობა არ აქვს ის იმპორტირებულია, თუ ადგილობრივი წარმოების. ჩვენ თუ გვინდა მისი რეალიზაცია, აუცილებლად საჭიროებს ეს პროდუქცია დამატებით ხარჯებს ტრანსპორტირების, გადატანის, დასაწყობების, შენახვის და სივრცის შექმნის, სადაც საბოლოო ჯამში იყიდება. ამ პროცესებში მონაწილე ბიზნესებს აქვთ თავიანთი ბიზნესინტერესი. პრობლემა ის კი არ არის, იქნება თუ არა „ქეშბექი“, პრობლემა არის ის, მთელი ეს პროცესი ჯდება, თუ არა ეკონომიკურ მიზანშეწონილობაში.

მაგალითად, მე როგორც ფერმერი, რომ ვყიდი პროდუქციას, რა გზას გადის ის - მაგალითად, რუისში მოყვანილი პომიდორი, კომბოსტო, ვაშლი იტვირთება მანქანაზე, ჩამოდის თბილისში შუაღამისას, 4-5 საათზე იწყება ბაზრობა, მოდის მერე აქ წვრილი საბითუმო ქსელი, ან მოდის თვითონ სავაჭრო ქსელი, 5 საათზე ყიდულობს პროდუქციას და მიაქვს. პირველი ეტაპი - ფერმერმა უნდა მიიღოს თავისი მოგება, საბითუმომ უნდა მიიღოს თავისი მოგება, ის ვინც წავიდა და ქსელში დაარიგა უნდა მიიღოს თავისი მოგება,  ქსელმა რომ გაყიდა, მანაც უნდა მიიღოს თავის მოგება“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

მან მსოფლიო პრაქტიკაზეც ისაუბრა და მისი სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის პერიოდი გაიხსენა. „როდესაც მე სამინისტროში ვმუშაობდი, ჩვენ შევისწავლეთ, დაახლოებით, 5-6 სახეობის პროდუქცია, მათ შორის - ვაშლი, ატამი და ა.შ. მათი ღირებულებათა ჯაჭვი. ფერმერის კართან არსებული პროდუქცია, საშუალოდ, დახლზე რომ დევს 2.5-3 კოეფიციენტი არის აუცილებელი.  ყველაზე იდეალური კოეფიციენტი გამოდიოდა 2.2 . სხვაგვარად პროდუქცია მომხმარებლებამდე ვერ მიდის. მაღალი ფასნამატების საკითხი ევროპასაც გავლილი აქვს, არსებობს რეგულაციები, ჩვენთანაც დაწერილი უკვე კანონის პროექტი და ახლა უკვე ალბათ ამ ყველაფერზე მუშაობენ შესაბამისი კომისიები“, - განმარტა გიორგი ხანიშვილმა.

მან საქართველოს მაგალითზე თქვა, რომ აქ რამდენიმე ფინანსური ოპერაცია დროსა და სივრცეში აცდენილია. „მაგალითისთვის, პირველი - პროდუქცია, რომელიც არ გაყიდულა, იმ პროდუქციაზე ფულის მოთხოვნა უკან არ არის სწორი. მეორე - პროდუქცია, რომელიც გაიყიდა, იმ პროდუქციის ფულის გადახდის დაგვიანება, საკმაოდ სერიოზული ვადით ასევე დიდი პრობლემაა. მაგალითად, პური რომელიც არის მალფუჭებადი, რომელიც მესამე, მეოთხე დღეს თუ არ გაიყიდა, უნდა ამოიღო დახლიდან და მწარმოებელს იმის ფულს აგინაზღაურებს სავაჭრო ქსელი იქნება, თუ საბითუმო, 90 დღის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ მე მისი რისკი, მისი პროცენტი უნდა ავიღო ჩემს თავზე. მე ვაწარმოვე და ჩემი წარმოებისთვის მაქვს ჩემი სესხი აღებული, მაგრამ ჩემი სესხი 90 დღე არ უნდა იყოს დაუბრუნებელი, უნდა იყოს რაღაც გარკვეული ლოგიკური ჩარჩო“, - განაცხადა „აგრო 1959”-ის  მმართველმა  პარტნიორმა.

პროდუქციის გაიაფების მთავარ შესაძლებლობად კი გიორგი ხანიშვილმა ადგილობრივი წარმოების განვითარება დაასახელა.

ჩვენი, ანუ მწარმოებლების ძირითადი პრობლემა სავაჭრო ქსელში შესვლისას არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა, არაერთგვაროვანი, სეზონურად დაუკმაყოფილებელი პროდუქცია - ეს ეხება როგორც პირველად წარმოებას, ისე გადამუშავებულს. როდესაც მივდივარ მე და დავუშვათ თანამშრომლობაზე ვესაუბრები მაგალითად მსხვილ საბითუმოს  - ის მეკითხება, თუ რამდენი ხნით მოვამარაგებ და რამდენად ერთგვაროვანი პროდუქციით. ამიტომ, „სურსათის გაიაფების საკითხს მე ვუყურებ მეწარმის მხრიდან - ჩემი აზრით, უპირველესი საზრუნავი არის სოფლის მეურნეობის განვითარება“, - განმარტა ხანიშვილმა.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.  დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.  

საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება. 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.

წყარო: ბიზნესპარტნიორი