საქართველოში ფასების შემცირების მიზნით ოპოზიციური გაერთიანება კონკრეტულ საგადასახადო ცვლილებების პაკეტს აყენებს, რომელიც პირდაპირ ენერგომატარებლების ღირებულებაზე და ფართოდ — ინფლაციაზე უნდა აისახოს. შემოთავაზება სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
- საწვავზე აქციზის გადასახადის 50%-ით შემცირება
- დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) 1 პროცენტული პუნქტით შემცირება (18%-დან 17%-მდე)
- საშემოსავლო გადასახადის 1 პროცენტული პუნქტით შემცირება (20%-დან 19%-მდე)
ინიციატივის ავტორების შეფასებით, მხოლოდ აქციზის შემცირება საწვავის ფასს დაახლოებით 15–20 თეთრით შეამცირებს, რასაც ჯაჭვური ეფექტი ექნება ტრანსპორტირებასა და საბოლოოდ სხვა პროდუქტებისა და მომსახურებების ფასებზეც.
რა მასშტაბის ფისკალურ ეფექტზეა საუბარი
დაახლოებითი გათვლით, ეს პაკეტი ბიუჯეტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო ცვლილებას ნიშნავს ბოლო წლებში.
- საწვავის მოხმარებიდან გამომდინარე, აქციზის განახევრება ბიუჯეტს დაახლოებით 350 მილიონ ლარამდე დააკლებს.
- დღგ-ის 1%-იანი შემცირება გამოიწვევს დაახლოებით 500 მილიონ ლარამდე დანაკარგს.
- საშემოსავლო გადასახადის 1%-იანი შემცირება ბიუჯეტს კიდევ დაახლოებით 300 მილიონ ლარს დააკლებს.
ჯამურად, საუბარია დაახლოებით 1.1 მილიარდ ლარამდე წლიურ დანაკარგზე
ეკონომიკური ეფექტი — სარგებელი და რისკი
ეკონომიკური ლოგიკით, პაკეტი ერთდროულად ორ მიმართულებაზე მუშაობს:
ამცირებს საწვავისა და ბიზნესის ხარჯებს.
ზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომ შემოსავალს.
ქმნის შანსს ინფლაციის ნაწილობრივ შემცირებისთვის, თუმცა, პარალელურად ჩნდება მნიშვნელოვანი ფისკალური რისკებიც:
ბიუჯეტი კარგავს დაახლოებით 1 მილიარდ ლარზე მეტს.
ეს საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 7–10%-ია.
შეიძლება შემცირდეს ინფრასტრუქტურული და სოციალური ხარჯები.
"ეს ნიშნავს მილიარდ 600 მილიონის დატოვებას ადამიანების ჯიბეში ამ გაზრდილი ფასების პირობებში. თუ პოლიტიკური ნება ექნებოდა ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებას, ამას გააკეთებდა ისე, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. სხვა ქვეყნებში, სადაც ფასების სწრაფი ზრდა მოხდა, მაგალითად საწვავზე, აბსოლუტურად ყველგან ქმედით ნაბიჯებს დგამს შესაბამისი ხელისუფლება. ჩვენთან პირიქით არის, უფრო გვიძვირებენ ცხოვრებას, ჯარიმებს ზრდიან, მანქანების განბაჟებას ზრდიან.
მეორე: რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?! ეს „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ჯგუფის პასუხისმგებლობაა, რომელიც ბეჭდავს ფულს და ცხოვრებას გვიძვირებს.
მესამე: გრძელვადიანად რომ არ ხდებოდეს ქვეყანაში ფასების ზრდა და უფრო ძვირი რომ არ იყოს ცხოვრება, ვიდრე სომხეთში და მეზობელ ქვეყნებში, წარმოდგენილია დოკუმენტი, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და ჩვენ რას გავაკეთებდით. ეს არის ალტერნატივა მათსა და ჩვენს შორის. ოპოზიციის ალიანსს კონკრეტული გზავნილი აქვს ხალხისთვის: დიახ, შესაძლებელია, თქვენ შეღავათი გქონდეთ, მაგრამ ამ შეღავათს, ბოროტები მანქანა, რომელიც მმართავს ქვეყანას, არ გიკეთებენ“, - ამბობს „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
„ნორმალურ ვითარებაშიც კი, ეს კრიზისიც რომ არ იყოს, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სიღარიბიდან ქვეყნის გამოყვანა, მოქალაქეებზე ტვირთის შემცირება, ყველა ქვეყანასთან შედარებით წინ ყოფნა. მათ მიერ შექმნილი დოვლათიდან მეტ ფულს ვუტოვებდეთ ადამიანებს ჯიბეში.
როდესაც კრიზისი შექმნილია რაიმე საერთაშორისო ფაქტორების გამო, ყველა პასუხისმგებლიანი რეჟიმი დგამს ექსტრაორდინარულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით ხდება.
ყველაფრის პარალელურად ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და უტიფარ კამპანიას, რომ საერთაშორისო ფაქტორებს დააბრალონ ეს და ბიზნესზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა, თან გვესმის ამბები ამავე რეჟიმის მიერ მხილებული საკუთარი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ მოპარული ფულის შესახებ.
საკუთარ თავს და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ბევრად დიდია კორუფციის შედეგად მოპარული ფული და ყველა ლარი, რომლითაც გამდიდრდნენ თანამდებობის პირები, აისახება ფასებში. ხელისუფლებისთვის ამ კორუფციულ ფულს ბიზნესი იხდის. ბიზნესი იძულებულია მომხმარებელს გადაახდევინოს ეს ფული.
ყველა ადამიანი, ღარიბაშვილიდან დაწყებული ფარცხალაძეებით დამთავრებული, ვინც ბიზნესში იყო, როდესაც მდიდრდებოდნენ, ამ ფულს მოქალაქეებისგან იღებდნენ. ჩვენი ამოცანაა წარმოდგენილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი მყისიერი ნაბიჯების გადადგმა და მთლიანად ამ არალეგიტიმური რეჟიმის შეცვლის შემდეგ კრიმინალური, კორუფციული სისტემის მოშლა. გადასახადების ტვირთის შემცირება, "ფულის ბეჭდვის" შეწყვეტა და ამ კრიმინალური ტრადიციის აღმოფხვრა“,- აცხადებს გოგა ბოკერია, "ოპოზიციური ალიანსის" კიდევ ერთი ლიდერი.