რუსეთის ხელისუფლება ღვინოზე იმპორტის გადასახადის გაზრდის საკითხს განიხილავს, რასაც ალკოჰოლის მსხვილი რუსი იმპორტიორები არ ეთანხმებიან და  ხელისუფლებას ალტერნატივად სთავაზობენ, რომ ქართულ ღვინოებზე ნულოვანი გადასახადის საკითხს გადახედოს. მათი არგუმენტი არის ის, რომ რუსული ღვინის მთავარი კონკურენტი სწორედ ქართული ღვინოა და მათზე გადასახადის 12,5%-მდე გაზრდა შექმნის სამართლიან საბაზრო პირობებს.

„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ აქვთ რუსეთში ქართველ ღვინის ექსპორტიორებს შესაძლო ცვლილებებზე ინფორმაცია და როგორი იქნება მათი პოზიცია, თუ რუსეთის ხელისუფლება იმპორტიორების უკმაყოფილებას გაითვალისწინებს და ქართულ ღვინოზე იმპორტის გადასახადს დააწესებს. 

როგორც გაირკვა, ზოგიერთ კომპანიას აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს საკითხი ცნობილია და მიიჩნევენ, რომ ქართულ ღვინოზე გადასახადის დაკისრება, მათთვის მძიმე ტვირთი იქნება.

როგორც „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ დამფუძნებელმა ზაზა დუგლაძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, იმპორტის გადასახადის დაწესება რუსეთში ღვინის ექსპორტს საგრძნობლად შეამცირებს. 

„მე მაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება იქით ყოველკვირეულად და ყოველდღიურად, თუმცა ამ კონკრეტულ საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს. ამაზე ადრეც ყოფილა გარკვეული საუბრები და თუ ეს მოხდება, ძალიან მძიმე იქნება ქართველი მეწარმეებისთვის. 

ქართველი მეღვინეებისთვის რუსეთში ღვინის ექსპორტი ისედაც ძალიან რთული პროცესია და თუ იმპორტის გადასახადი დაწესდება ეს კიდევ უფრო გაართულებს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს ტვირთად დააწვება ქართველ მეწარმეებს და აუცილებლად შეამცირებს ექსპორტის მოცულობას“, - აღნიშნა ზაზა დუგლაძემ. 

მისი თქმით, ჯერჯერობით არ მოელის, რომ ამ გადაწყვეტილება მიიღებენ, რადგან ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არაა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა პოლიტიკის ნაწილია. 

„საქმე ისაა, რომ ეს თემა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებზეა დამოკიდებული. ეს არ იქნება ხელსაყრელი სიტუაცია და მეწარმეებმა ისე უნდა იმოქმედონ, როგორც მსოფლიო ბაზარს სჭირდება. 

მიუხედავად ცვლილებებისა, რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე სტრატეგიულ ბაზრად რჩება, იქნება ეს სამხრეთ ამერიკა, ევროპა თუ სხვა კონტინენტები. ვიმედოვნებ, რომ ქართულ ღვინოზე იმპორტის გადასახადი არ დაწესდება, რადგან ჩვენ ისედაც გვიწევს კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა საქმიანობის საწარმოებლად და კიდევ დამატებითი გადასახადი ნამდვილად მძიმე იქნება“, - განაცხადა ზაზა დუგლაძემ. 

რუსეთის შიდა ბაზარზე ღვინოზე იმპორტის გადასახადი 12,5%-ს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება გადასახადის შესაძლო გაზრდის მიზეზად ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას ასახელებს. 

შეგახსენებთ, საქართველო რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა. ფედერალური საბაჟო სამსახურის ბოლო მონაცემებით, იანვარ-მაისის პერიოდში საქართველომ რუსეთში ღვინის მიწოდებით იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი, იტალიიდან კი 23,36 მლნ ლიტრი ნატურალური ღვინო შევიდა. საქართველოდან წლიური იმპორტი 63%-ით, ხოლო იტალიიდან 31%-ით გაიზარდა.