რუსეთის ქალაქ ომსკში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზე დრონების თავდასხმის შემდეგ კომპანია Ozon-ი შეკვეთების ნაწილის გაუქმებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, ინციდენტის დროს თანამშრომლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა და წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

Ozon-ის ინფორმაციით, დაზიანებულ ობიექტზე შეკვეთების დამუშავება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მომხმარებლების ნაწილის შეკვეთები გაუქმდება, დანარჩენების მიწოდებას კი კომპანია სხვა ლოგისტიკური ობიექტებიდან შეეცდება.

„უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის სამიზნე ომსკში მდებარე ჩვენი ლოგისტიკური ცენტრი გახდა. ყველა თანამშრომლის ევაკუაცია ოპერატიულად განვახორციელეთ. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შეკვეთების ნაწილს გავაუქმებთ, ნაწილს კი მომხმარებლებს სხვა ობიექტებიდან მივაწვდით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 ოქტომბერს უკრაინული დრონები ომსკის ოლქში მდებარე ნავთობქიმიურ საწარმოს, Омский каучук-ს დაესხნენ თავს. ქარხანა სინთეზური კაუჩუკის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. თავდასხმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმის დროს სამიზნე Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრიც გახდა. აღნიშნული კომპლექსი საქონლის მიღებას, შენახვას, შეკვეთების დაკომპლექტებასა და გადაზიდვას უზრუნველყოფს.