ირანი აშშ-სთან სამხედრო დაპირისპირების განახლების შემთხვევაში სპარსეთის ყურეში გამავალი ინტერნეტკაბელებისა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაზიანებით იმუქრება. Reuters-ის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი შესაძლო ესკალაციისთვის ემზადება და სამიზნეებს შორის ამერიკულ სამხედრო ობიექტებთან ერთად ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასაც განიხილავს.
სააგენტოს ცნობით, ირანის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელს, ჰოსეინ მოჰეიბის საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ თეირანის სამიზნე ჰორმუზის სრუტეში გამავალი შვიდი მსხვილი ინტერნეტკაბელი შეიძლება გახდეს.
„თუ ირანი კიდევ ერთხელ გახდება თავდასხმის მსხვერპლი, აღარ იარსებებს წითელი ხაზები. ჩვენ დარტყმებს მივიტანთ ყველაფერზე — ინტერნეტკაბელებიდან სამხედრო ბაზებამდე, მათ შორის საიდუმლო სამხედრო ობიექტებზეც“, — აცხადებს Reuters-ის ერთ-ერთი წყარო.
ამასთან, გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი მეთაურის, მოჰსენ რეზაის განცხადებით, შესაძლო სამიზნეებს შორის სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებული ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ცენტრებიც იქნება.
მიუხედავად მუქარისა, ჰორმუზის სრუტეში გამავალი კაბელების დაზიანებას გლობალურ ინტერნეტზე შეზღუდული გავლენა ექნება. გავრცელებული შეფასებით, ამ კაბელებზე გლობალური ინტერნეტტრაფიკის 1%-ზე ნაკლები მოდის.
გაცილებით მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო მარშრუტები წითელ ზღვაში გადის, სადაც გლობალური ინტერნეტტრაფიკის დაახლოებით 10% მიედინება. ამ რეგიონში ირანის მოკავშირე ჰუსიტების დაჯგუფება მოქმედებს, თუმცა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, მათ მსგავსი თავდასხმის განხორციელების გეგმა არ დაუდასტურებიათ.
რეგიონის მკვლევრის, ალექს ვატანკას შეფასებით, მსგავსი მუქარებით თეირანი ცდილობს, ზეწოლა გაზარდოს აშშ-ის რეგიონულ მოკავშირეებზე და მათ ვაშინგტონის ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენისკენ უბიძგოს.
ვითარების გამწვავების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობაზე არაერთხელ ისაუბრა. ამასთან, გავრცელებული ცნობების თანახმად, მან საჯაროდ გამორიცხა ომის განახლება კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.