ალკოჰოლის მსხვილი რუსი იმპორტიორები მთავრობისგან საიმპორტო გადასახადის გაზრდას მხოლოდ ქართულ ღვინოებზე მოითხოვენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ღვინის იმპორტზე გადასახადის ზრდა, რომელზედაც რუსი მარეგულირებლები მსჯელობენ, ალკოჰოლის დისტრიბუტორების შეშფოთებას იწვევს. კომპანიებმა გააფრთხილეს მთავრობა, რომ ინიციატივა ადგილობრივ ღვინოებზე ფასების გაზრდას გამოიწვევს და ხელისუფლებას ალტერნატივად სთავაზობენ, რომ ქართულ ღვინოებზე ნულოვანი გადასახადის საკითხს გადახედოს. ამასთან მეღვინეები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს საკმარისი არ იქნება შიდა ბაზრის დასაცავად.
ალკოჰოლის მსხვილმა იმპორტიორებმა მთავრობას წერილით მიმართეს და გაუზიარეს შეშფოთება ღვინის იმპორტის არსებული 12,5%-იანი გადასახადის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსულ მედიასთან სამმა ინფორმირებულმა წყარომ ისაუბრა. წერილში ნათქვამია, რომ ინიციატივა 2022 წლის ვითარების შედეგია, როდესაც ძლიერი რუბლის გამო ბაზარზე იმპორტირებული ღვინოების დროებითი ჭარბი რაოდენობა შეიქმნა. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ პრობლემა წლის ბოლომდე გაქრება მარაგების რეალიზაციის და ვალუტის კურსების რყევის შედეგად.
როგორც მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, გადასახადების ზრდა არ გამოიწვევს რუსული ღვინის გაყიდვების ზრდას. რომლის წარმოებაც ვენახების ფართობების გამო შეზღუდულია, სანაცვლოდ კი მწარმოებლებს ფასების ზრდისკენ წაახალისებს.
ღვინის სავაჭრო კომპანია „ფორტის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ლიპილინი ამბობს, რომ ინიციატივა ასევე საფრთხეს უქმნის ადგილობრივი ღვინოების ხარისხის შემცირებას კონკურენციის არარსებობის გამო და ასევე შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მომხმარებლები სხვა ალკოჰოლზე გადავიდნენ.
იმავდროულად, წერილში აღნიშნულია, რომ ახლა ნულოვანი იმპორტის გადასახადი ვრცელდება ქართულ ღვინოებზე, რომლებიც იმპორტში ლიდერები გახდნენ 2023 წლის პირველ ნახევარში. რუსული ღვინის მთავარი კონკურენტი სწორედ ქართული ღვინოებია და მათზე გადასახადის 12,5%-მდე გაზრდა შექმნის სამართლიან საბაზრო პირობებს და დამატებით შემოსავალს უზრუნველყოფს ბიუჯეტში - აღნიშნავენ მიმართვის ავტორები.
ისინი ასევე დამატებით დახმარებას სთავაზობენ მეღვინეებს საგადასახადო შეღავათებით. მთავრობის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. ეკონომიკის სამინისტროში რუსულ მედიას განუცხადეს, რომ განცხადებებს მიღებისთანავე განიხილავენ და საჭიროების შემთხვევაში დამატებით კონსულტაციებს გამართავენ ბაზრის მონაწილეებთან.
არსებული მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში რუსეთის ფედერაციაში წყნარი ღვინის იმპორტი 44%-ით გაიზარდა და 12,65 მლნ დეკალიტრს შეადგენდა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გამოკლებით. აქედან 19,1% -ს ქართულ ღვინოები შეადგენდა, 18,5% იყო იტალიიდან, 16,2% ესპანეთიდან, 7%-ზე მეტი – საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან. ცქრიალა ღვინოების იმპორტი კი ამ პერიოდში 47%-ით გაიზარდა და 2,93 მლნ დეკალიტრს მიაღწია, მთავარი მიმწოდებლები კი იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია და საქართველო გახდნენ. WineRetail-მა ღვინის მარაგის მოცულობა 16 მილიონ დეკალიტრად შეაფასა, რაც გასულ წელზე ორჯერ მეტია.
კომპანიების ჯგუფის „აბრაუ-დურსოს“ პრეზიდენტი პაველ ტიტოვი ამბობს, რომ იმპორტის გადასახადების გაზრდა მოაგვარებს იმპორტირებული ღვინის თაროებზე ყოფნის პრობლემას, რომელთა საბითუმო ფასი 1 ლიტრზე 1 ევროა და კონკურენციას მხოლოდ დაბალი ფასების ხარჯზე ეწევა.
მისი თქმით, გადასახადების მატებასთან ერთად რუსული ღვინოების გაძვირების წინაპირობები არ არსებობს. პირიქით, დღეს რუსი მეღვინეები ხშირად ვერ ყიდიან პროდუქციას პრომოზე, რადგან ქსელები უპირატესობას ანიჭებენ იაფ იმპორტს საკუთარი სავაჭრო მარკის ქვეშ - აღნიშნავს ტიტოვი.
რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი პლოტნიკოვი აღნიშნავს, რომ ღვინოზე იმპორტის გადასახადის შესაძლო გაორმაგებამაც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საცალო ფასები 10%-ზე მეტით გაზარდოს. შესაბამისად, იმპორტიორების ბიზნესზე ინიციატივის მნიშვნელოვან გავლენაზე საუბარი არ ღირს.
„ფანაგორიას“ აღმასრულებელი დირექტორი პეტრ რომანიშინი ამბობს, რომ მეღვინეებს სჭირდებათ ყოვლისმომცველი და მუდმივი ზომები იმპორტის სიჭარბისგან თავის დასაცავად.
„ჩვენ უნდა დავგეგმოთ ვენახების გაშენება, მინიმუმ 30 წელზე გათვლით, რათა ყოველ ჯერზე, ხანძრის რეჟიმში არ გვიწევდეს პრობლემების მოგვარება“- აღნიშნავს ის.
იმას, რომ რუსული ღვინოსთან მიმართებით სიტუაცია გართულებულია, ეთანხმებიან, „ყუბან-ღვინოშიც“, მაგრამ მომხმარებლის არჩევანის უფლების შენარჩუნების აუცილებლობაზეც მიუთითებენ.
WineRetail-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტავცევი ამბობს, რომ კრიზისი მაღალი ხარისხის ღვინოზე მოთხოვნის შემცირებამ და ბიზნესის რთულმა პირობებმა გამოიწვია. 2022 წელს ქსელებმა მიწოდებებში შეფერხებებისა და ადგილობრივი ღვინის დეფიციტის შიშის გამო დიდი მოცულობებზე დადეს კონტრაქტები, რომელიც წინასწარი გადახდებს ითვალისწინებდა. ხოლო მიწოდების დროის 40-60 დღიდან 200 ან მეტ დღემდე გაზრდის გამო, იმპორტი გრძელდება ინერციით. რუსმა მეღვინეებმა კი გაზარდეს წარმოება, იმპორტის შემცირებას ელოდებოდნენ და რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, აცხადებს ექსპერტი. როგორც სტავცევი აღნიშნავს, პრობლემა მოითხოვს ინტერესთა ბალანსის მოძიებას და დამატებით მარკეტინგულ ღონისძიებებს ადგილობრივ ღვინოებზე მოთხოვნის სტიმულირებისთვის.
შეგახსენებთ, საქართველო რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა. ფედერალური საბაჟო სამსახურის ბოლო მონაცემებით, იანვარ-მაისის პერიოდში საქართველომ რუსეთში ღვინის მიწოდებით იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი, იტალიიდან კი 23,36 მლნ ლიტრი ნატურალური ღვინო შევიდა. საქართველოდან წლიური იმპორტი 63%-ით, ხოლო იტალიიდან 31%-ით გაიზარდა.