ჩვენ სასწრაფო დახმარების მანქანით ხანძრისკენ მივდივართ თქვენი სახელით, მაგრამ ახლა ხანძრის ჩაქრობას გვთხოვენ მაშინ, როდესაც ავზში საკმარისი წყალი არ არის, – ამის შესახებ გაერო-ს დახმარების ხელმძღვანელმა ტომ ფლეტჩერმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2026 წლის ჰუმანიტარული დახმარების ბიუჯეტის შემცირებას გამოეხმაურა.
„როიტერის“ ინფორმაციით, მომდევნო წელს ორგანიზაცია დახმარების ბიუჯეტს 50%-ით შეამცირებს, რისი მიზეზიც, მედიის ცნობით, დონორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებაა.
ამავდროულად, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო ჰუმანიტარული საჭიროებები არასდროს ყოფილა ისეთი დიდი, როგორც ახლა. მათივე ცნობით, დახმარების შემცირებამ ორგანიზაცია აიძულა, პრიორიტეტი „მხოლოდ ყველაზე სასოწარკვეთილებისთვის“ მიენიჭებინა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ დაფინანსების შემცირება ემატება დახმარების სააგენტოებისთვის არსებულ სხვა გამოწვევებსაც, რომელთა შორს ყველაზე კრიტიკული კონფლიქტის ზონებში მყოფი პერსონალის უსაფრთხოების რისკები და წვდომის ნაკლებობაა.
„საბოლოო ჯამში, სწორედ ეს შემცირება გვაიძულებს, მივიღოთ მკაცრი და სასტიკი არჩევანი. ზედმეტად დატვირთულები ვართ, არასაკმარისი დაფინანსებით და თავდასხმის ქვეშ. ჩვენ სასწრაფო დახმარების მანქანით ხანძრისკენ მივდივართ თქვენი სახელით, მაგრამ ახლა ასევე გვთხოვენ ხანძრის ჩაქრობას, მაშინ როდესაც ავზში საკმარისი წყალი არ არის და ჩვენ გვესვრიან“, – განუცხადა გაერო-ს დახმარების ხელმძღვანელმა, ტომ ფლეტჩერმა ჟურნალისტებს.
ნოემბრის მონაცემებით, ორგანიზაციამ ჯერჯერობით მხოლოდ 12 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და საჭიროებების მხოლოდ მეოთხედზე მეტს ფარავს. გაერო-ს ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი ნაწილი პალესტინაში, სუდანსა და სირიაში მიდის.