კაფე-სალონ „გლიცინიას“ დამფუძნებელმა ნათია ფურცელაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ქალი ქართულ ეკონომიკაში“ რეგიონებში ქალი მეწარმეების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრა და მსმენელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

მისი თქმით, „გლიცინიას“ ამბავი დაიწყო იმით, რომ სურდა შეექმნა მრავალფუნქციური სივრცე, სადაც ბაღდათის ადგილობრივი მცხოვრებლელები დროს საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებდნენ. 

„ბაღდათში არ არსებობდა მსგავსი სივრცე. ამ კონცეფციის სივრცე, ბავშვობაში ძალიან გვაკლდა, თუმცა, ახლაც ძალიან საჭირო იყო. „გლიცინია“ მრავალფუნქციური სივრცეა. გარდა იმისა, რომ სტუმარს შეუძლია გემრიელად მიირთვას ან სასიამოვნო მუსიკას მოუსმინოს, ასევე აქვს შესაძლებლობა რომ დაისვენოს, მას შეუძლია ინტერნეტით ისარგებლოს, იმუშაოს, წაიკითხოს, იმეცადინოს, პროექტი დაგეგმოს და ა.შ.“, - აღნიშნა ნათია ფურცელაძემ. 

მისი თქმით, კაფეს გასახსნელად გრანტი „აწარმოე საქართველოს“ პროგრამით მიიღო, თუმცა ეს მხოლოდ მეორე ცდაზე მოახერხა, რითაც სურს აღნიშნოს, რომ საქმიანობის წამოწყებისას ადამიანს შესაძლოა წარუმატებლობა შეხვდეს, თუმცა ეს გამოცდილებაა. 

როგორც მან განაცხადა, საქმიანობის წამოწყებაში ძალიან დაეხმარა ერთთვიანი უფასო პროგრამა, რომელიც გაეროს განვითარების ფონდმა და ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის ჩაატარა. 

„ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია ვიპოვე სოციალურ ქსელში და შევავსე აპლიკაცია. მე დავასაბუთე თუ რატომ მჭირდებოდა ეს პროგრამა და როგორ გამაძლიერებდა როგორც მეწარმეს. შემარჩიეს და გავხდი 200 ქალს შორის, მოხვდი მე-5 ნაკადში და 5-დღიანი კურსი გავიარე. წარმოდგენა შემექნა გაყიდვებზე, ბიზნესკომუნიკაცია, მარკეტინგზე. აღმოვაჩინე, რომ მანამდე რასაც ვაკეთებდი, თურმე სწორი იყო. ამ პროგრამამ უფრო თავდაჯერებული გამხადა და სხვა რაღაცების შესწავლის სურვილი გამიჩინა“, - განაცხადა ნათია ფურცელაძემ. 

მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაფე-სალონ „გლიცინიაში“ სხვადასხვა საინტერესო სივრცის დამატებას სურს, მაგალითად ისეთის, როგორიც წიგნის მაღაზიაა. 

„ჩემი ოცნებაა და ვგეგმავ რომ „გლიცინიას“ ეზოს ერთ კუთხეში გავხსნა წიგნის მაღაზია. ვფიქრობ, წიგნის მაღაზია, რომელიც კულტურული კუნძული იქნება, ნებისმიერ მსურველს წიგნის კითხვის ინტერესს გაუჩენს და მოტივაციას აუმაღლებს. ასევე მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ჩვენი ხელნაკეთი ნივთები წარმოვადგინოთ, ასევე სხვა მეწარმეებს მივცეთ საშუალება რომ თავისი ნამუშევრები გამოიტანონ. გვინდა ადგილობრივ მოსახლეობას ამითაც შევუწყოთ ხელი, რომ რასაც ქმნიან, სხვებსაც გაუზიარონ და გარკვეული შემოსავალი მიიღონ“,- აღნიშნა ნათია ფურცელაძემ. 

მისი თქმით, რეგიონებში მცხოვრებ ქალებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა თვითგანვითარებაზე იზრუნონ. ამ კუთხით მათ სახელმწიფოსა და გარშემომყოფებისგან ხელის შეწყობა სჭირდებათ. 

„ვისურვებდი რომ ტექნოლოგიების მიმართულება გაძლიერდეს და ქალი მეწარმეებისთვის იყოს მეტი შესაძლებლობა რომ ამ კუთხით უნარები განუვითარდეთ. ასევე მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საშუალო დონეზე სწავლა მაინც, რადგან ამის გარეშე ბევრი რამ რთულდება. ქალებს, რომლებიც რეგიონებში წარმოების პროცესში არიან ჩართული, თითქმის არ რჩებათ დრო სხვა რამისთვის, ამიტომ მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ გამოყონ დრო თვითგანვითარებისთვის, უნდა ჰქონდეთ ერთი, ცალკე ოთახი მაინც ამისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომ მათ შეიტყონ ყველა შესაძლებლობის შესახებ, რომელიც არსებობს ან შეიქმნება“, - განაცხადა ნათია ფურცელაძემ.