საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ღვინის მწარმოებელ კომპანიათა ათეულში ცვლილებებია. 2022 წელს „ქართული ღვინის სახლმა“ ათეულში შპს „მეღვინეობა ხარება“ ჩაანაცვლა.
რას უკავშირებს „ქართული ღვინის სახლი“ მიღწეულ წარმატებას და კომპანიის ბრუნვის ზრდას. როგორც „კომერსანტთან“ ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, "ქართული ღვინის სახლი" მუდმივად ცდილობს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და საერთაშორისო სარბიელზე წარმომადგენლობის გაზრდას.
„მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა და იმ სტაგნაციისა, რაც ამ პროცესებმა გამოიწვია (სანქციები ბელარუსთან და უკრაინიდან შეკვეთების გაუქმება გასაგები მიზეზების გამო), არსებულ ბაზრებზე წარმომადგენლობა გავზარდეთ და პორტფელში ამერიკა, ავსტრია და გერმანია დავამატეთ.
როგორც არსებულ, ისე ახალ ბაზრებზე შესასვლელად გავზარდეთ მარკეტინგული მხარდაჭერა ( თავისუფალი პროდუქციის, ონლაინ სწავლებისა და სხვა საჭირო აქტივობების სახით).
გარდა ამისა კომპანია გააქტიურდა ლოკალურ ბაზარშიც, აითვისა ლოკალური ბაზრის როგორც რითეილ, ასევე ჰორეკას ობიექტები, რამაც თავისი წვლილი შეიტანა კომპანიის ბრუნვის ზრდაში. ტურისტების გაზრდილმა რაოდენობამ, თავის მხრივ დიდი წვლილი შეიტანა ლოკალური გაყიდვების ზრდაში,“- აცხადებენ კომპანიაში.
საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „ქართული ღვინის სახლის“ 45% საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე დმიტრი ალექსანდროვს ეკუთვნის, 12,5% ვასილ დვალს, 5% სერგეი სუმაროკოვს, რომელსაც ასევე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. კომპანიის 12,5% ზაზა კიკაბიძეს, 12,5% ნინო კიკაბიძეს, 12,5% კი თათია კიკაბიძეს ეკუთვნის.
ღვინის კომპანია „ქართული ღვინის სახლი“ დაარსდა 1996 წელს, ქ.გორში, საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ცენტრში.
კომპანიის ინფორმაციით, მათ 150 ჰექტარი საკუთარი ვენახი აქვთ სხვადასხვა მიკროზონაში და ყოველწლიურად 6 მილიონ ბოთლზე მეტს აწარმოებენ. უშვებენ 25 სახეობის და 100 დასახელებაზე მეტ პროდუქტს. მსოფლიოში კი 50 დისტრიბუტორზე მეტი ჰყავთ.
„ქართული ღვინის სახლის“ მიერ წარმოებული ღვინოები პრემიუმ და კლასიკური ღვინის კატეგორიებშია გაერთიანებული.
პრემიუმ ღვინის კატეგორიაში შედის ალექსანდროვის ღვინის კოლექცია (საფერავი, ქინძმარაული, გორული მწვანე,ხვანჭკარა, წინანდალი, მუკუზანი, ნესტორეული), გურმანის ღვინის კოლექცია (გორული მწვანე, თავკვერი, მუკუზანი, ქინძმარაული, საფერავი), საღვინე ქვევრის ღვინის კოლექცია (კახური, მწვანე, რქაწითელი, საფერავი) და კიაზოს ღვინის კოლექცია (თავკვერი, საფერავი, გორული მწვანე)
კლასიკური ღვინის კოლექცია რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი მათ შორის კახეთის ლეგენდები, სან ვაინი, GWH ჯგუფი, თბილისობა, თბილი, კახური სარდაფები, სალხენი, რაჭული მარანი, ქართული სამონასტრო, ციხესიმაგრე, საქართველოს სული და სხვა.
კომპანიას თბილისში ღვინის შოურუმი და ბარი „Grape Wine & Kitchen“ აქვს. ასევე დასასვენებელი კომპლექსი, “შატო აზნაური”, რომელიც მდებარეობს კახეთის ვენახებში სოფ. ენისელის და გრემის კოშკის მახლობლად, რომლის შემადგენლობაშიც შედის რესტორანი, ბუტიკ-ოტელი და სარდაფი-მარანი.