ევროპაში სახლებისა და ბინების ძარცვის შემთხვევები ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ქვეყნებს შორის სხვაობა კვლავ დიდია. ზოგიერთ ქვეყანაში ქურდობის შემთხვევები თითქმის 80%-ით შემცირდა, მაშინ როცა სხვაგან კლება გაცილებით ნაკლებია.
მიუხედავად ამისა, მასშტაბი კვლავ სერიოზულია. Eurostat-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ევროკავშირის მასშტაბით დაახლოებით 1,2 მილიონი ქურდობის შემთხვევა დაფიქსირდა. 2014 წელთან შედარებით, მათი რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული. ეს სტატისტიკა მოიცავს როგორც ბინებისა და სახლების, ისე კომერციული ობიექტების ძარცვას.
განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი ზაფხულში ხდება, როცა ათასობით ოჯახი დასასვენებლად მიდის და საცხოვრებლებს რამდენიმე დღით ან კვირით ცარიელს ტოვებს. ასეთ დროს სახლები და ბინები ქურდებისთვის მარტივ სამიზნედ შეიძლება იქცეს.
სწორედ ამიტომ, ევროპელები საკუთარი საცხოვრებლების დასაცავად სულ უფრო ხშირად იყენებენ უსაფრთხოების სისტემებს, მათ შორის სიგნალიზაციასა და ვიდეომეთვალყურეობას, რაც ამ ბაზარზე მოთხოვნის ზრდასაც იწვევს.
მაინც სად არის ქურდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?
2024 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ავსტრიაში დაფიქსირდა — 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 700 ქურდობის შემთხვევა. შემდეგ მოდიან: შვედეთი — 601 შემთხვევა; ლუქსემბურგი — 568 შემთხვევა.
ლიეტუვა კი, სიის ბოლოშია — იქ 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 24 ქურდობის შემთხვევა ფიქსირდება. დაბალი მაჩვენებლებია ასევე ბულგარეთსა და სლოვაკეთში.
თუმცა მთლიანობაში ევროპაში პოზიტიური ტენდენციაა - ბოლო ათწლეულში ევროკავშირში ქურდობის შემთხვევები დაახლოებით 35%-ით შემცირდა.
2014 წელთან შედარებით ქურდობის შემთხვევების ყველაზე მეტად შემცირება ლიეტუვაში დაფიქსირდა — 79%. ბულგარეთში კლება 78% იყო, საბერძნეთში კი — 71%.
ევროპული ანალიტიკური პლატფორმა Europe in Motion-ის გამოთვლებით ესპანეთში, ამ მხრივ, ვითარება ნაკლებ სახარბიელოა. იქ 2014 წელთან შედარებით ქურდობის შემთხვევები მხოლოდ 21%-ით შემცირდა. საფრანგეთში კლება 23%-ია.
თუ აბსოლუტურ რაოდენობას შევხედავთ, საფრანგეთი და გერმანია კვლავ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის არიან — საფრანგეთში ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ესპანეთში კი დაახლოებით 143 000 შემთხვევაა.
როგორ იცავენ თავს ევროპელები?
ევროპელები სულ უფრო ხშირად იყენებენ უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს - ვიდეოკამერა, ვიდეოდომოფონი, უფრო მეტად დაცული კარები და ფანჯრები.
EU Trade Explorer-ის მონაცემებით, 2015-2025 წლებში ევროკავშირში უსაფრთხოების სისტემების წარმოება 30,1 მილიონი მოწყობილობიდან 68,3 მილიონამდე გაიზარდა.
ირლანდიაში ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინოა: 2022 წელს სახლის უსაფრთხოების სისტემებს შინამეურნეობების 17% იყენებდა, 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა.
საკონსულტაციო კომპანია Berg Insight-ის მონაცემებით, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში კერძო სახლებში და მცირე ბიზნესებში დაახლოებით 20 მილიონი უსაფრთხოების სისტემაა დამონტაჟებული.
თუმცა, ეს რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში. აშშ-სა და კანადაში ობიექტების დაახლოებით 24%-ს დაცვის სისტემები აქვთ. მაშინ როცა გლობალური საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ია.