დიდი კონკურენციის მიუხედავად, როდესაც ბაზარზე არსებული მოთხოვნა წარმადობაზე 4-ჯერ ნაკლებია, „ეფეს საქართველო“ ბაზრის ლიდერია, ამის შესახებ კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა.

„მართალია ბაზარზე დიდი კონკურენციაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ეფეს საქართველო“ ბაზრის ლიდერია, მისი პორტფელი კი დაბალანსებულია და ყველა სეგმენტის მოთხოვნას აკმაყოფილებს“, - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

მისივე თქმით, 2023 წლის 5 თვის მონაცემებით, კომპანიის ექსპორტი 50%-ით გაიზარდა, ხოლო წელს „ნატახტარის“ ექსპორტი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება.

რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის წილი ექსპორტში ჯამურად 35%-ია. დანარჩენი 22 ქვეყნის ჩათვლით ჯამში დაახლოებით 50 მლნ ლიტრია ექსპორტზე გასული, რაც კომპანიისთვის მაქსიმუმია. საექსპორტო პროდუქტი ძირითადად ლიმონათია, ლუდი უფრო ადგილობრივი ბაზრისთვისაა და ლოკალური პროდუქციაა“, - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოდან 4,796.73 ათასი დოლარის ღირებულების 5,082.73 ტონა ლუდის ექსპორტი განხორციელდა, ღირებულებით ნაწილში ზრდა წლიურად 83%, ხოლო მოცულობით ნაწილში 65% იყო. 2022 წელს ლუდის ექსპორტი 30 ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ყაზახეთში.