საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრების მცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა – ინფორმაციას იტალიის სერია A-ს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენი დაცვის აწმყოსა და მომავლის გარანტია – საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ახალი ფეხბურთელია, მან კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის თანამედროვე მცველია, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით, ამავდროულად, ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია. მან „ემპოლიში“ თავი გამოიჩინა, როგორც სერია A-ს ბოლო სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა.

საბა გოგლიჩიძე 2004 წლის 25 ივნისს ქუთაისში დაიბადა. „ტორპედოს“ მთავარ გუნდში სადებიუტო თამაში 2021 წელს ჩაატარა, 2022 წელს კი ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.

2024 წლის იანვარში „ემპოლიში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა, იტალიის თასზე კი სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გოგლიჩიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, საბა“, – წერია იტალიური კლუბის განცხადებაში.

1tv.ge