ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა გლობალური კაპიტალის ბაზრების ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო მიმართულებად ჩამოყალიბდა. Galt & Taggart-ის ანგარიშის მიხედვით, უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ჰიპერსკეილერების, კაპიტალური დანახარჯები 2025-2027 წლებში ჯამურად 1.15 ტრილიონ დოლარს უახლოვდება.

ინვესტიციები ძირითადად მონაცემთა ცენტრების, ჩიპების, სერვერების, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისა და ენერგომომარაგების გაფართოებას ხმარდება. მხოლოდ Microsoft-მა 2026 წლის კაპიტალური დანახარჯების გეგმა 190 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც აჩვენებს, რამდენად სწრაფად იზრდება კონკურენცია ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი სიმძლავრეებისთვის.

AI ინფრასტრუქტურის ბუმის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი Oracle-იც გახდა. კომპანიამ OpenAI-ისგან მსხვილი ინფრასტრუქტურული შეკვეთები მიიღო და 2026 წლის ბოლომდე პროექტების დასაფინანსებლად 45-50 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

მოთხოვნის ზრდა პირდაპირ აისახება ნახევარგამტარების ბაზარზეც. Nvidia-სა და AMD-ის პარალელურად, პოზიციებს იმყარებს Broadcom, რომელიც ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ AI ჩიპებს აწარმოებს. ამ კომპანიებისთვის აუცილებელი ჩიპების უმთავრეს მწარმოებლად კი კვლავ ტაივანური TSMC რჩება.

ტრილიონდოლარიანი საინვესტიციო ციკლი გავლენას მხოლოდ ტექნოლოგიურ სექტორზე არ ახდენს. მონაცემთა ცენტრების მშენებლობა ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე, მიწაზე, სამშენებლო მასალებზე, გაგრილების სისტემებზე, ოპტიკურ ქსელებსა და ფინანსურ რესურსებზე.

თუმცა კაპიტალური დანახარჯების ზრდა ინვესტორებისთვის მთავარ კითხვასაც აჩენს: რამდენად სწრაფად შეძლებენ კომპანიები ხელოვნური ინტელექტიდან მიღებული შემოსავლების გაზრდას და გაამართლებს თუ არა კომერციული შედეგი ამ მასშტაბის ინვესტიციებს.

Galt & Taggart-ის შეფასებით, ივლის-აგვისტოს კორპორაციული ანგარიშგებები მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. ბაზარი დააკვირდება, შეინარჩუნებენ თუ არა კომპანიები დანახარჯების გეგმებს და შეძლებს თუ არა AI-დან მიღებული შემოსავალი სწრაფად მზარდ ინვესტიციებთან მიახლოებას.