შეიძლება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა, მაგრამ კინოინდუსტრია 2026 წლის ივლისში ბევრ საინტერესო ფილმს გვთავაზობს, რომლებიც დიდ ეკრანებზე გამოდის/გამოვიდა და ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ გაგვატარებინებს.
წარმოგიდგენთ ამ ფილმების ათეულს, რომლებიც BBC-მ შეარჩია, თქვენ კი ბილეთებს გადახედეთ და პოპკორნები მოიმარაგეთ:
Evil Dead Burn
Evil Dead-ის ფრენჩაიზი 2023 წელს წარმატებით დაბრუნდა Evil Dead Rise-ით, ახლა კი მაყურებელს ახალი ნაწილი Evil Dead Burn ელოდება, რომლის რეჟისორია სებასტიან ვანიჩეკი.
ფილმის მთავარი გმირი (სუჰეილა იაკობი) ახალგაზრდა ქალია, რომელიც მეუღლის ავტოავარიაში დაღუპვის შემდეგ მისი ოჯახის წევრებთან სადილზე მიდის. უხერხული შეხვედრა მალევე ნამდვილ კოშმარად იქცევა, როდესაც ოჯახის წევრები დემონურ ზომბებად გარდაიქმნებიან.
რეჟისორის თქმით, ფილმის სანახავად წინა ნაწილების ცოდნა აუცილებელი არ არის.
საერთაშორისო პრემიერა: 8-10 ივლისი.
The Odyssey

კრისტოფერ ნოლანი, რომელმაც გადაიღო The Dark Knight, Inception და ოსკაროსანი Oppenheimer, ამჯერად ჰომეროსის უკვდავ ეპოსს „ოდისეას” აცოცხლებს.
თითქმის სამსაათიან ფილმში მეტ დეიმონი ოდისევსს განასახიერებს, რომელიც ტროას ომის დასრულების შემდეგ იტაკაში, მეუღლესთან, პენელოპესთან (ენ ჰეთეუეი) დაბრუნებას ცდილობს.
ვარსკვლავური მსახიობების შემადგენლობაში ასევე არიან შარლიზ ტერონი, რობერტ პატინსონი, ზენდეია, ტომ ჰოლანდი, ლუპიტა ნიონგო და სხვები.
საინტერესო ფაქტი: ფილმი მთლიანად 70-მმ-იან IMAX ფირზეა გადაღებული, რაც სრულმეტრაჟიანი კინოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
საერთაშორისო პრემიერა: 15-17 ივლისი
Spider-Man: Brand New Day
პიტერ პარკერის თაყვანისმცემლებისთვის კარგი სიახლეა – „ადამიანი ობობა” დიდ ეკრანებზე ბრუნდება. მსახიობ ტომ ჰოლანდისთვის ეს უკვე მეოთხე ფილმია ადამიანი ობობას როლში, თუმცა Brand New Day ახალი ტრილოგიის დასაწყისადაც მიიჩნევა.
ბოლო ფილმში განვითარებული მოვლენების შემდეგ დოქტორ სტრეინჯის ჯადოს გამო პიტერ პარკერი ყველას დაავიწყდა, მეგობრებსაც კი აღარ ახსოვთ მისი არსებობა. ახლა მას მარტო უწევს პირად და პროფესიულ პრობლემებთან გამკლავება.
ამასთან ერთად, ობობას ადამიანი ჰალკს (მარკ რუფალო), პანიშერს (ჯონ ბერნთალი) და ნინძა მკვლელების ჯგუფსაც დაუპირისპირდება.
საერთაშორისო პრემიერა: 29–31 ივლისი.
Enola Holmes 3
შერლოკ ჰოლმსის უმცროსი და ენოლა ჰოლმსი (მილი ბობი ბრაუნი) ახალ გამოძიებას იწყებს.
ენოლა უკვე ზრდასრულია და ლორდ ტიუკსბერისთან (ლუის პარტრიჯი) ქორწინებისთვის ემზადება, თუმცა გეგმებს შერლოკ ჰოლმსის (ჰენრი კავილი) გატაცება ცვლის. მისი გადარჩენა ენოლას უოტსონთან (ჰიმეშ პატელი) და დედასთან (ჰელენა ბონემ კარტერი) ერთად მოუწევს.
სცენარისტ ჯეკ თორნის თქმით, ახალი ფილმი ენოლას ზრდასრულ ცხოვრებასა და ბრიტანეთის კოლონიურ ისტორიას შეეხება.
პრემიერა 1 ივლისს Netflix-ზე შედგა.
Minions & Monsters

Minions-ის მესამე და, მთლიანობაში, Despicable Me-ის მეშვიდე ფილმი მაყურებელს 1920-იანი წლების ჰოლივუდში გადაიყვანს.
ამჯერად მინიონები სუპერბოროტმოქმედებთან კი არა, რეჟისორებთან და მსახიობებთან თანამშრომლობენ და საკუთარი მონსტრების ფილმის გადაღებას გადაწყვეტენ. ამისთვის კი ნამდვილ ურჩხულს შორეულ კუნძულზე ეძებენ.
რეჟისორ პიერ კოფინის თქმით, მინიონების იუმორი ჩარლი ჩაპლინისა და მუნჯი კინოს ვარსკვლავების სტილიდან იღებს შთაგონებას.
საერთაშორისო პრემიერა: 1-3 ივლისი.
Moana
Disney აგრძელებს ანიმაციური კლასიკის ცოცხალი მოქმედების ფილმებად გადაკეთებას.
მართალია, ორიგინალური Moana მხოლოდ ათი წლის წინ გამოვიდა, ხოლო Moana 2 2024 წელს, თუმცა ახალი ფილმი უბრალოდ ანიმაციის გამეორება არ იქნება.
დუეინ ჯონსონი კვლავ მაუის როლს ასრულებს, ხოლო რეჟისორი თომას კეილი ამბობს, რომ მაყურებელს ახალი დიალოგები, იუმორი და განსხვავებული სცენები ელოდება.
საერთაშორისო პრემიერა: 8–10 ივლისი
Gail Daughtry and the Celebrity Sex Pass
დევიდ უეინის კომედია პოპულარულ იდეას, celebrity sex pass-ს ეყრდნობა, რომელიც სერიალმა Friends-მაც გააცნო მაყურებელს.
როდესაც მთავარი გმირის შეყვარებული საყვარელ ვარსკვლავთან ურთიერთობას იწყებს, გეილი (ზოი დოიჩი) ლოს-ანჯელესში მიემგზავრება, რათა ჯონ ჰემი აცდუნოს.
ფილმში საკუთარ თავებს თამაშობენ ჯენიფერ ენისტონი, პოლ რადი, ელიზაბეთ ბენქსი, ჰენრი უინკლერი, ჯონ სლეტერი და თავად ჯონ ჰემიც.
Remake
დოკუმენტალისტი როს მაკელუი ახალ ფილმში საკუთარ ოჯახურ ისტორიას უბრუნდება.
Remake მისი შვილის, ადრიანის ცხოვრებასა და 2016 წელს ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალებას ეხება. ფილმი მოიცავს ბავშვობიდან გადაღებულ უნიკალურ ვიდეომასალას, ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზსა და რეაბილიტაციის პერიოდსაც.
კრიტიკოსების შეფასებით, ეს რეჟისორის ყველაზე პირადი და ემოციური ნამუშევარია.
პრემიერა აშშ-ში 10 ივლისს გაიმართა.
Reading Lolita in Tehran

აზარ ნაფისის ბესტსელერ მემუარებზე დაფუძნებულ ფილმში მთავარ როლს გოლშიფთე ფარაჰანი ასრულებს.
სიუჟეტი 1980-90-იანი წლების ირანში ვითარდება, სადაც რევოლუციის შემდეგ რეჟიმი სულ უფრო მკაცრი ხდება.
უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შემდეგ მთავარი გმირი საკუთარ სახლში ფარულ ლიტერატურულ კლუბს ქმნის, სადაც ქალები Lolita-ს, The Great Gatsby-სა და Pride and Prejudice-ს კითხულობენ და საკუთარ ცხოვრებას ამ ნაწარმოებებთან აკავშირებენ.
პრემიერა აშშ-ში 10 ივლისს გაიმართა.
Her Private Hell
რეჟისორი ნიკოლას ვინდინგ რეფნი (Drive, The Neon Demon) თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ფილმით ბრუნდება.
მთავარ როლში სოფი ტეტჩერია, რომელიც მსახიობს განასახიერებს. ის მომავლის მეგაპოლისში მდებარე ცათამბჯენში გადადის საცხოვრებლად, სადაც სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის გადაღებას იწყებს.
ამავე დროს, ქალაქში ზებუნებრივი სერიული მკვლელი ჩნდება, ხოლო ამერიკელი ჯარისკაცი (ჩარლზ მელტონი) სახიფათო მისიას ასრულებს.
კრიტიკოსების შეფასებით, Her Private Hell ვიზუალურად გამორჩეული, სიურრეალისტური კინოგამოცდილებაა.
პრემიერა: 24 ივლისი (აშშ და კანადა)