არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მოქალაქეებს კიდევ ერთი სავარაუდო პირამიდული სქემის შესახებ აფრთხილებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს ყალბ შეთავაზებებს, რომლებიც მომხმარებლებს სამომავლო დასაქმებასა და შემოსავლის მიღებას ჰპირდება. სქემის მიხედვით, მოქალაქეებს ე.წ. პლატფორმაზე რეგისტრაციას სთავაზობენ, სადაც მათ პირად კაბინეტს უქმნიან და გარკვეული თანხის დაბანდებას სთხოვენ.
ამ ეტაპზე იკვეთება 180, 875, 2 000 და 3 000 ლარის ოდენობის ოპერაციები. იმისთვის, რომ მომხმარებლებს შექმნოდათ შთაბეჭდილება, თითქოს მათი ინვესტიცია რეალურად მუშაობდა, თავდაპირველად მათ ყოველდღიურად ურიცხავდნენ გარკვეულ სარგებელს. მოგვიანებით კი პლატფორმა და მასთან დაკავშირებული პირები უკვალოდ გაქრნენ.
თუმცა თაღლითური სქემა ამით არ დასრულებულა. დაზარალებულ მომხმარებლებს კვლავ უკავშირდებიან და არწმუნებენ, რომ პლატფორმას მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი შეექმნა. თანხის დაბრუნების სანაცვლოდ კი მათ დამატებით ინვესტირებას სთხოვენ.
„საზოგადოება და ბანკები“ მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ დასაქმების, სწრაფი გამდიდრებისა და მაღალი სარგებლის დაპირების შემცველ შეთავაზებებს. თანხის გადარიცხვამდე აუცილებელია კომპანიის სანდოობის, საქმიანობისა და სამართლებრივი სტატუსის გადამოწმება, რათა მომხმარებლები თაღლითური სქემის მსხვერპლი არ გახდნენ.