„არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც არ იღებს შეტყობინებას, რა შეიძლება მოხდეს - უნდა ვისწავლოთ ბიულეტენების წაკითხვა“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია ახლა კი არა, გუშინწინ უნდა დაწყებულიყო.
„90-იანი წლებიდან მოყოლებული ( და მანამდეც), არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც არ იღებს შეტყობინებას (მაგიდაზე), რა შეიძლება მოხდეს. ეს არის აუცილებელი პირობა და ინფორმაცია ყოველთვის მიდის გადაწყვეტილების მიმღებთან. სხვა საკითხია რამდენად კითხულობენ ამას.
ამიტომ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ წაკითხვა იმ ბიულეტენების, რომელიც ვრცელდება. ეს ოფიციალურად, ყველა გადაწყვეტილების მიმღების ფოსტაში იდება (ახლა უკვე ელექტრონულად). უბრალოდ, ეს კი არ უნდა გადაშალო და აღარ მიაქციო ყურადღება, უბრალოდ, კარგად უნდა წაიკითხო.
სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია ახლა კი არა, გუშინწინ უნდა დაწყებულიყო. როცა თბილისის წყალმოხმარება და საკანალიზაციო სისტემები გაიყიდა, GWP-ს რომ მივეცით, კერძო კომპანიას, სანიაღვრე სისტემები დარჩა ქალაქის მეურვეობაში. ანუ მათი ვალდებულებაა სანიაღვრე სისტემებს მიაქციონ ყურადღება. არაერთხელ ვნახეთ, რომ სანიაღვრე სისტემა არ მუშაობდა თბილისში, ლეღვთახევი გაიხსენეთ, გლდანულა. ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ პრობლემები შეგვექმნება. დიდ დიღომში ნებისმიერი პატარა წვიმის დროსაც იტბორება ქუჩები იმიტომ, რომ სანიაღვრე სისტემები გამართული არ არის. მშენებლობები დავიწყეთ, მაგრამ სანიაღვრეს არ მივაქციეთ ყურადღება. მე დამირეკეს დიღმიდან, მითხრეს ასეთი რამ, შეიძლება თუ არა, რომ საკანალიზაციო სისტემა, მიერთებული იყოს სანიაღვრეზე? - არ შეიძლება! ასეთ ფაქტებთანაც კი გვაქვს საქმე“,- აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ყოველი ინტენსიური წვიმის დროს თბილისი იტბორება. უხვმა ნალექი ყველაზე მეტ პრობლემას ქმნის დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და ვარკეთილში. იტბორება ქუჩები, იშლება კლდის ნაწილი და მიწის მასები.
შექმნილი სიტუაციაზე ორიოდე კვირის წინ განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. მისი თქმით, კონკრეტული ქუჩების დატბორვას ორი მიზეზი აქვს: „პირველი: როდესაც ხდება სანიაღვრეების ამოვსება, ჩამოგლეჯილი ხის ტოტებით, ასევე ნარჩენებით და მეორე: ზოგადად, სანიაღვრე ქსელების არარსებობა, ან მოძველება. იმიტომ არის 2017 წლიდან როდესაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოს, პირველი რასაც ვაკეთებთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაა“,- აღნიშნა კალაძემ.