ახალციხის მუნიციპალიტეტში ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, განთავსების ობიექტებზე მოთხოვნაც იზრდება. მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა „ბიზნსპარტნიორთან“ აღნიშნა, რომ რეგიონში ამ ეტაპზე 72 სასტუმრო ფუნქციონირებს, მათ შორის საოჯახო და ბრენდული ტიპის ობიექტები.

მისივე თქმით, ტურისტულ სეზონზე საოჯახო სასტუმროები თითქმის სრული დატვირთვით მუშაობენ.

ვარლამ წიკლაურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს სტუმრობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები.

„ტურისტები გვყავს ევროპის და აზიის ქვეყნებიდან.  ახალციხის ციხეს 6 თვის მონაცემებით, 65 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, საიდანაც 25 000-ზე მეტი უცხოელი იყო. რაც შეეხება შემოსავლების კუთხით არსებულ მონაცემებს - წინა წლის ანალოგიურ პრიოდთან შედარებით 6%-იანი ზრდა გვიფიქსირდება“, - აცხადებს ვარლამ წიკლაური.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, სხვადასხვა ღონისძიებები ვიზიტორებს კიდევ უფრო მეტად იზიდავს. როგორც ვარლამ წიკლაურმა აღნიშნა, წელს პირველად ჩატარებულმა „გემოფესტმა“ ქალაქზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა - ღონისძიების პერიოდში ფაქტობრივად ყველა სასტუმრო 100%-ით იყო დატვირთული, ხოლო მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ახალციხის ციხეს 5 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

წყარო: ბიზნესპარტნიორი"