სმარტფონებისა და სოციალური ქსელების ხანგრძლივი გამოყენება მოზარდების ფსიქიკურ და კოგნიტურ ჯანმრთელობაზე სულ უფრო მეტად აისახება. სპეციალისტების თქმით, ბოლო პერიოდში მსგავსი ჩივილებით ექიმებთან მიმართვიანობა გაიზარდა, რაც პრობლემის მასშტაბზე მიუთითებს.
ექიმები განმარტავენ, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება არასრულწლოვნებში მეხსიერების, კონცენტრაციისა და სწავლის უნარების გაუარესებას იწვევს. ხშირია მუდმივი დაღლილობა, მოთენთილობა და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებაც.
სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ბავშვებმა ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე შეწყვიტონ მობილური ტელეფონის გამოყენება, ხოლო პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ შესაბამის სპეციალისტს და მოზარდები ფიზიკურ აქტივობებში ჩართონ.
ფსიქოთერაპევტის, მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, დღეს ყველაზე გავრცელებული პრობლემა უკვე არა უშუალოდ გაჯეტზე დამოკიდებულება, არამედ ე.წ. პრობლემური ციფრული ქცევებია. მისი თქმით, განსაკუთრებით ხშირია FOMO – მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან მოვლენის გამოტოვების შიში, ასევე ნომოფობია, სოციალური გარიყვის შიში და სოციალური ქსელებით გამოწვეული მუდმივი შედარების ფონზე განვითარებული შფოთვა.
როგორც სპეციალისტი განმარტავს, მსგავსი ფაქტორები პირველ რიგში ძილის ხარისხს, თვითშეფასებასა და ემოციურ კეთილდღეობას აზიანებს. ამიტომ თანამედროვე ფსიქოლოგია ყურადღებას არა მხოლოდ ეკრანთან გატარებულ დროზე, არამედ ციფრული ჰიგიენისა და თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზეც ამახვილებს.
მაგდა კოტრიკაძის თქმით, მოზარდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამის ძილის პირველი ფაზა. თუ ბავშვი დაახლოებით 23:00-დან 02:00 საათამდე არ სძინავს, ორგანიზმში მელატონინის გამომუშავება ირღვევა, რაც ფსიქიკურ მდგრადობას ასუსტებს და შფოთვის რეგულაციას ართულებს.
ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელი მაია ჩხაიძე აღნიშნავს, რომ კლინიკაში სულ უფრო ხშირად ხვდებიან მოზარდები, რომლებსაც სწავლის უნარის დაქვეითება, კონცენტრაციის პრობლემები, მუდმივი დაღლილობა და მოთენთილობა აღენიშნებათ. მისი შეფასებით, ეკრანზე გადაჭარბებული დამოკიდებულება ამ სიმპტომების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორია.
პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური მედიის გამოყენების შეზღუდვებზე უკვე მსჯელობენ. საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდება, სადაც მსგავსი რეგულაცია ამოქმედდება.
ანალოგიურ ნაბიჯებს განიხილავს დიდი ბრიტანეთიც. BBC-ის ინფორმაციით, 2027 წლიდან 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ღამის საათებში ე.წ. „კომენდანტის საათის“ დაწესება იგეგმება. შეზღუდვა, წინასწარი გეგმის მიხედვით, შუაღამიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.