საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტი 6 ივლისიდან განახლდა. ამის მიზეზად თურქეთის ენერგობაზარზე ელექტროენერგიის ფასების ზრდა სახელდება. ინფორმაცია Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია წარმოდგენილი.
ანგარიშის მიხედვით, 1-20 ივლისის მონაცემებით, თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის საშუალო ფასი 6.0 აშშ ცენტს თითო კილოვატსაათზე შეადგენდა. ივლისში საქართველოდან ექსპორტს ახორციელებენ კომპანიები: „აჭარ-ენერჯი 2007“, „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია“, „სვანეთი ჰიდრო“, „კასლეთი 2“, „აისი“, „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“ და „ესკო“.
ივნისში საქართველოდან კომერციული ექსპორტი ფაქტობრივად არ განხორციელებულა. იმ პერიოდში ერთადერთი ექსპორტიორი „ესკო“ იყო, რომელიც ელექტროენერგიას ძველი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად აწვდიდა.
მაისში კი ექსპორტის მოცულობა და შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. თურქეთში ექსპორტირებულმა ელექტროენერგიამ 36.2 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.8-ჯერ ნაკლებია. ექსპორტის ღირებულება კი 7.8-ჯერ შემცირდა, ხოლო საშუალო ფასი თითქმის 40%-ით დაეცა და 2.7 აშშ ცენტამდე ჩამოვიდა.
Galt & Taggart-ის შეფასებით, ექსპორტის შემცირება თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის გაიაფებასა და ქვეყნის შიდა გენერაციის ზრდას უკავშირდებოდა. ივნისში თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის საშუალო ფასი 2.9 აშშ ცენტი იყო კილოვატსაათზე, რაც წლიურად 34.4%-ით ნაკლები, თუმცა მაისთან შედარებით 61.1%-ით მაღალი მაჩვენებელია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ასეთი დაბალი ფასების პირობებში ექსპორტი ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველი გახდა, რადგან ექსპორტიორებს ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდაც უწევდათ, რაც ჯამში დაახლოებით 1.5 აშშ ცენტს შეადგენდა თითო კილოვატსაათზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, თურქეთში ელექტროენერგიის წარმოების ზრდამ ქვეყანას საშუალება მისცა საქართველოდან კომერციული იმპორტი შეემცირებინა. გენერაციის ზრდას კი ხელს შეუწყო როგორც ხელსაყრელმა ჰიდროლოგიურმა პირობებმა, ისე მზის ელექტროსადგურების სწრაფმა განვითარებამ.