ლატვიის დაზვერვა: რუსეთი საერთაშორისო სასამართლოების გამოყენებით ბალტიის ქვეყნებზე ზეწოლას გეგმავს

რუსეთი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას ბალტიის ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის გასაძლიერებლად გეგმავს. ამის შესახებ ლატვიის კონსტიტუციის დაცვის ბიუროს, SAB-ის ანგარიშსა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის პლატფორმა Re:Baltica-ს მასალაშია საუბარი.

SAB-ის შეფასებით, მოსკოვი ე.წ. „სამართლებრივი ომის“, ანუ lawfare-ის გამოყენების გაფართოებას აპირებს. ტერმინი გულისხმობს სასამართლოების, კანონების და სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებას სხვა ქვეყნების დასასუსტებლად, დისკრედიტაციისთვის ან მათზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის მოსახდენად.

ლატვიის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული უწყებები ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონეზე სამართლებრივი ზეწოლის განხორციელების გეგმებსა და ამოცანებს აახლებდნენ.

რუსეთის სავარაუდო გეგმებში შედის დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში დავების დაწყება, სანქციების შემუშავებასა და აღსრულებაში მონაწილე ოფიციალურ პირებზე ზეწოლა და მოსკოვისთვის ხელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილებების პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენება.

ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ დავა გაერო-ს სასამართლოში

SAB-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთი შესაძლოა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის წინააღმდეგ გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელების შეტანას გეგმავდეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამართლებრივი დავები მოსკოვმა შესაძლოა ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ უფრო აგრესიული მოქმედებების გასამართლებლად ან შესაძლო პირდაპირი დაპირისპირების საბაბად გამოიყენოს.

რუსეთის სავარაუდო არგუმენტები შეიძლება დაეფუძნოს ბრალდებებს, თითქოს ბალტიის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა და მათ დისკრიმინაცია ემუქრებათ.

Re:Baltica-ს გამოძიების მიხედვით, მოსკოვმა შესაძლოა ასევე გამოიყენოს მტკიცება, თითქოს ბალტიის ქვეყნებიდან რუსულენოვანი მოსახლეობის მასობრივი დეპორტაცია იგეგმება. ბალტიის ქვეყნები მსგავს ბრალდებებს დეზინფორმაციად აფასებენ.

რუსეთი მოკავშირეებისა და ნეიტრალური ქვეყნების მხარდაჭერას ეძებს

ლატვიის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი სამართლებრივი კამპანიების წარმოებისთვის რუსეთთან მეგობრულ ან ნეიტრალურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავებასაც გეგმავს.

ანგარიშში ამ მიმართულებით დასახელებულია ბელარუსთან ერთობლივი მოქმედებები და BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებთან საერთო სამართლებრივი პოზიციების ჩამოყალიბების მცდელობა.

რუსეთი ასევე გეგმავს ახალი იურისტებისა და არბიტრების მომზადებას, საერთაშორისო საქმეების ცენტრალიზებულად მართვასა და სამართლებრივ კამპანიებში ჩართული პერსონალის რაოდენობის გაზრდას.

სამართლებრივი პროცესები შესაძლოა ხარჯიანი და ხანგრძლივი იყოს

საერთაშორისო სასამართლოებში დაწყებულმა პროცესებმა ბალტიის ქვეყნებს მნიშვნელოვანი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვა შეიძლება აიძულოს, მაშინაც კი, თუ რუსეთის მოთხოვნები საბოლოოდ არ დაკმაყოფილდება.

მსგავს საქმეებს ხშირად წლები სჭირდება და სახელმწიფოებს საერთაშორისო იურისტების, ექსპერტების, დიპლომატიური რესურსისა და მტკიცებულებების დიდი მოცულობის მობილიზება უწევთ.

ამასთან, სასამართლო პროცესების დაწყება მოსკოვს საკუთარი გზავნილების საერთაშორისო დონეზე გავრცელების შესაძლებლობასაც მისცემს. რუსეთისთვის ხელსაყრელი შუალედური გადაწყვეტილებები ან ცალკეული სამართლებრივი ფორმულირებები შეიძლება კრემლის საინფორმაციო კამპანიების ნაწილად იქცეს.

SAB-ის შეფასებით, სამართლებრივი ზეწოლა რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებების ერთ-ერთი ინსტრუმენტია და ის შეიძლება კიბერშეტევების, დეზინფორმაციის, ეკონომიკური ზეწოლისა და სამხედრო მუქარის პარალელურად გამოიყენებოდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია რუსეთის სამომავლო გეგმების შესახებ ლატვიის დაზვერვის შეფასებასა და ჟურნალისტურ გამოძიებას ეფუძნება. საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის რუსეთის მიერ ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში უკვე შეტანილი კონკრეტული სარჩელი, რომელიც აღნიშნულ გეგმას სრულად დაადასტურებდა.

წყაროები:

https://eng.lsm.lv/article/politics/diplomacy/13.07.2026-russia-planning-to-make-sarcastic-use-of-international-courts-against-baltics.a654903/


https://sab.gov.lv/files/uploads/2026/06/SAB_public_report_2_Lawfare.pdf