ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სოციალურ ქსელ TikTok-ის შეძენაზე მისი ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს ოთხ სხვადასხვა ჯგუფთან აწარმოებს. აღმასრულებელი ბრძანებით, პლატფორმის ამერიკული ოპერაციების გასაყიდად 75 დღით გახანგრძლივებული ვადა 5 აპრილს იწურება.

ჩინური პლატფორმის მომავალზე დასმულ შეკითხვებს, პრეზიდენტმა ტრამპმა Air Force One-ზე უპასუხა. ტრამპის განცხადებით, TikTok-ის შეძენის მსურველი მრავლადაა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მასზეა დამოკიდებული. პრეზიდენტს კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ „ოთხივე მათგანი ძალიან კარგი კანდიდატია“ და გარიგება, შესაძლოა უახლოეს მომავალში შედგეს.

TikTok-ის მშობელი კომპანია ByteDance-ისთვის სოციაური ქსელის ამერიკული ბიზნესის გასაყიდად მიცემული თავდაპირველი ვადა 2024 წლის 19 იანვარს ამოიწურა და ქვეყნის მასშტაბით, პლატფორმა უნდა აკრძალულიყო. თუმცა ბაიდენის გადაწყვეტილება ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ დამატებით 75 დღით გაახანგრძლივა. რამდენიმე დღის წინ ტრამპმა თარიღის კიდევ ერთხელ გადაწევის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

აკრძალვის თარიღის მოახლოებასთან ერთად, TikTok-ის შეძენის სურვილი არაერთმა პირმა გამოთქვა. მათ შორის იყო მილიარდერი ინვესტორი და Project Liberty-ის დამფუძნებელი ფრენკ მაქკორტი, ასევე მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი კონტენტკრეატორი ჯიმი დონალდსონი, ცნობილი, როგორც MrBeast-ი.

არსებული გეგმით, ამერიკის შეერთებული შტატები TikTok-ის ამერიკული ოპერაციების შიდა სუბიექტისთვის მიყიდვას განიხილავს. თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რო აშშ-სა და ჩინეთს შორის TikTok-ზე შეთანხმების მიღწევა შესაძლოა, ახალმა ტარიფებმაც გაართულოს.

შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთიდან საქონლის იმპორტზე გაორმაგებული, 20%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რის საპასუხოდაც, ჩინეთი აშშ-ს სავაჭრო ომით დაემუქრა.

forbes.ge