შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული, - ამის შესახებ განცხადებას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტუდენტებს უფლება აქვთ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

„ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ: რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული.

სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში. რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი სტუდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა „მეილი“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება, რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა“, - დაწერა სტუდენტმა სოციალურ ქსელში.

ipn.ge