პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა. დამფუძნებელი ყრილობა უკვე გაიმართა. პარტიის წევრებმა დაამტკიცეს პარტიის წესდება, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა.
დღემდე „თავისუფლების მოედანი“, როგორც მოძრაობა, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი იყო.
როგორც ახლადშექმნილი პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ეს იქნება „ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია, რომლის ამოცანასაც სახელმწიფოს დაბრუნება წარმოადგენს“.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ წამყვანი პოლიტიკური ძალა საქართველოში. ეს იქნება ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება სახელმწიფოს დაბრუნება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სახელმწიფო, რომელსაც გვართმევს „ქართული ოცნება“ და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ამ ბრძოლაშიც „თავისუფლების მოედანი“ ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტია იქნება. შემდეგ, სახელმწიფო უნდა გავხადოთ დემოკრატიული. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ნამდვილი, მრავალპარტიული დემოკრატია. ეს აქამდე, სამწუხაროდ, არასდროს გაგვიკეთებია. შემდეგ მრავალპარტიული დემოკრატიული საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ასე დამკვიდრდება ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ყველა ამ საქმეში „თავისუფლების მოედანი” იქნება წამყვანი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ და დაამატა, რომ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას გააგრძელებენ მისივე შეფასებით, როდესაც ქვეყანა ამხელა განსაცდელის წინაშეა, პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია გარდაუვალია.
„ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, კოორდინაცია ძირითად საკითხებზე. ასე რომ, ეს რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. აქამდეც ყოველთვის ვამბობდით, რომ კოორდინაცია, როდესაც ქვეყანა ამხელა განსაცდელის წინაშეა, გარდაუვალია. ვითანამშრომლებთ ყველა იმ ძალასთან, რომელიც საკუთარ კენჭს დადებს დემოკრატიის გადარჩენის საქმეში. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა არჩევნების გაყალბების შესახებ, დავიწყეთ საუბარი, რომ საჭიროა უფრო მჭიდრო კოორდინაცია პოლიტიკურ ძალებს შორის. ვფიქრობ, კოორდინაცია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ახალ პოლიტიკურ ძალებსა და მოძრაობებს შორის. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ „რუსული კანონის“ პროტესტის ტალღაზე ჩამოყალიბდა „თავისუფლების მოედანი“, ახლა კიდევ ვხედავთ ახალი საზოგადოებრივი პოლიტიკური ძალების გაჩენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ყველა ამ ძალამ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა „თავისუფლების მოედანი“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ცუცქირიძე ამბობს, რომ „თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა, არჩევნებზე მისვლას და შესაბამისად, მასში მონაწილეობას აზრი არ ექნება“.
„სანამ ამაზე ვინმე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ რაღაცები შეიცვალოს. თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა, თუ არჩევნებზე მისვლას აზრი არ ექნება, თუ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნებზე აღარ მივა, ბუნებრივია, იქ მონაწილეობას აზრი არ აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი, წინასაარჩევნო გარემოს საკითხი, რეპრესიების და დევნის საკითხი, ცესკო-ს დამოუკიდებლობის საკითხი, სუს-ისა და შსს-ს არჩევნებში ჩარევის საკითხი - ეს არის მინიმალური საკითხები, რაც უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ რაიმე სახის არჩევნებზე ფიქრი შესაძლებელი იყოს”,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.