ველნეს ტურიზმიდან გლობალური შემოსავლები 1 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა. ასეთია გლობალური ველნეს ინსტიტუტის მონაცემები. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიოში ველნესი გამორჩეულად სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა და მას აქვს რესურსი, გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გენერატორი გახდეს. ამ ფონზე, ქართველი ველნეს ექსპერტები აუცილებლად მიიჩნევენ საქართველოში ველნეს, იგივე გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას.
ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2030 წელს ამ სექტორიდან მიღებული შემოსავლები 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
საერთაშორისო ველნეს ექსპერტისა და თსსუ-ს საპატიო დოქტორის მიხეილ ქოჩიაშვილის განმარტებით, ველნეს ტურიზმს მთელ მსოფლიოში ბიძგი პანდემიამ და პოსტპანდემიურმა სარეაბილიტაციო საჭირობებემა მისცა. მთელ მსოფლიოში, ბოლო წლებში, ამ მიმართულებით სულ უფრო მეტი რესურსი იხარჯება.
„ბუნებრივია, ამ აქტივობებს შესაბამისი ფინანსური შედეგებიც მოჰყვა და გლობალური ველნეს ინსტიტუტის ინფორმაციით, ველნეს ტურიზმი მსოფლიოში ძალიან მზარდი - ამჟამად, უკვე თითქმის ტრილიონი დოლარის ღირებულების ინდუსტრიაა. კერძოდ, ამ სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა გასულ წელს - 895 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 2025 წელს ნავარაუდევია, რომ შემოსავლები 978 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, 2029 წელს კი თითქმის ერთ-ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწევს“, - აღნიშნა მიხეილ ქოჩიაშვილმა, საერთაშორისო ველნეს ექსპერტმა.
მისივე განმარტებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ველნეს ტურიზმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამყარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, შესაბამისად, მისი საქართველოში განვითარება, სახელმწიფომ პრიორიტეტულ ამოცანად უნდა დაისახოს.
ცნობისთვის, მსოფლიოში ველნეს ტურიზმის ლიდერები - აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და შვეიცარია არიან. აღნიშნულ ქვეყნებში ველნეს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ყოველწლიურად, 17 მილიარდი დოლარიდან 300 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.